მცირე ოდენობით ალკოჰოლიც კი, შესაძლოა, კიბოს რისკს ზრდიდეს — ახალი კვლევა
ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებაც კი შეიძლება კიბოს რისკს ზრდიდეს.
იაპონელმა მეცნიერებმა იაპონიაში კიბოთი დაავადებული 63 232 ალკოჰოლის მომხმარებელი ადამიანის მონაცემები შეადარეს ამავე ოდენობის ადამიანის ჯანმრთელობის კონტროლის მონაცემებს. ყველა მათგანმა დაასახელა ალკოჰოლის დღიური მოხმარების რაოდენობა, ასევე ისიც, თუ რამდენი წლის განმავლობაში სვამდნენ.
მოწევის, ჰიპერტენზიის, დიაბეტის, სიმსუქნისა და სხვა მსგავს მახასიათებელთა შემოწმების შემდეგ, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 10 წლის განმავლობაში დღეში 177 მლ ღვინის, 0,5 ლ ლუდის ან 59 მლ ვისკის სმა კიბოს შედარებით რისკს 5 პროცენტით ზრდის. 40 წლის განმავლობაში დღეში ორჯერ დალევა ნებისმიერი ტიპის კიბოს განვითარების შედარებით რისკს 54 პროცენტით ზრდის. კავშირი განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა პირის ღრუს, ყელის, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოებთან.
თუმცა, ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნებულ ამ კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. ალკოჰოლის სმის ისტორიის მონაცემები შეგროვებული იყო თვით ამ ადამიანთა მონაყოლიდან, რაც შეიძლება არასანდო იყოს; მკვლევრებს არ შეეძლოთ არც მათი ოჯახების კიბოს ისტორიის კონტროლი, არც კვების რაციონი ან ფიზიკური აქტივობა.
გარდა ამისა, იაპონელებში მაღალია იმ გენეტიკურ ვარიაციათა გავრცელება, რომლებიც ალკოჰოლის მეტაბოლიზმს ანელებს; შესაბამისად, ამ შედეგების განზოგადება სხვა ხალხზე შეიძლება, არასწორი იყოს.
„დღეში ერთხელ მცირე ოდენობით დალევა სავარაუდოდ არც ისე დიდი პრობლემაა. თუმცა, შეიძლება სახიფათო იყოს დიდი ხნის განმავლობაში ბევრის სმა. მართალია, დალევით ვერთობით, მაგრამ საჭიროა, ამის შესახებ უფრო მეტად ვიფიქროთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი მასაიოში ზაიცუ.
კვლევა ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.