მცირე მეწარმეებისთვის ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი სავარუდოდ ივლისიდან ამოქმედდება
მცირე მეწარმეებისთვის ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი სავარუდოდ ივლისიდან ამოქმედდება

მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი სავარაუდოდ 2018 წლის ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ პირველ არხს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესახებაც დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს, მცირე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.  

“ინიციატივა, რომელიც ივლისიდან უნდა შევიდეს ძალაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია მცირე მეწარმეებისთვის, ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ძირითადად, ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. მათთვის ორი მნიშვნელოვანი შეღავათია გათვალისწინებული, პირველი – ფინანსურ ნაწილში. იზრდება ბრუნვის გადასახადის გადამხდელი კომპანიების რაოდენობა, რადგან თუ აქამდე ეს ეხებოდა 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ფიზიკურ პირ მეწარმეებს, ახლა ზღვარი 500 000 ლარამდე იზრდება. ამ საშეღავათო რეჟიმში ექცევიან ის მცირე მეწარმეები, რომლებიც ფიზიკურ პირებად არიან რეგისტრირებულნი. 5%-ის ნაცვლად, მათ მოუწევთ 1%-იანი გადასახადის გადახდა ბრუნვის ნაწილში. ეს დაახლოებით ხუთჯერ მეტი დანაზოგია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ტექნიკური ნაწილიც, რომელიც ამ ცვლილებას ახლავს – თუ ადრე მათ უხდებოდათ გარკვეული სირთულის ბუღალტერიის წარმოება, ამიერიდან  მხოლოდ დეკლარირებით ექნებათ საშუალება 1%-იანი დაბეგვრის არეალში მოექცნენ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

ბიზნესომბუდსმენი განმარტავს, რომ ცვლილება არ ეხება დღგ-ის ნაწილს, 100 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე საწარმოები დღგ-ს ისევ გადაიხდიან. შეღავათი შეეხება ან საშემოსავლო გადასახადის ნაწილს, ან ბრუნვის გადასახადს.

შეკითხვაზე, საგასახადო შეღავათების ამოქმედების შედეგად რა ოდენობის თანხა შეიძლება მოაკლდეს ბიუჯეტს, ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ აღნიშნული შეღავათის ფისკალურ ეფექტზე მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტია.

„მოგეხსენებათ, მცირე ბიზნესი ფისკალურ ეფექტზე მეტად, სხვა მნიშვნელობის მატარებელია. იქ არის დასაქმების ეფექტი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღების წყარო. ამიტომ, ვფიქრობ, მცირე ბიზნესისთვის ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რათა განავითარონ წარმოება. მათ ეძლევათ მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა. რა თანხა მოაკლდება ამ შეღავათით სახელმწიფო ბიუჯეტს, კონკრეტული ციფრის თქმა გამიჭირდება, ფისკალურ ეფექტზე უფრო მნიშვნელოვანი აქ ის დადებითი სოციალური თუ სხვა ტიპის ეფექტია, რომელიც ცვლილებას მოჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.