მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევაზე ჯარიმები იზრდება
მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევაზე ჯარიმები იზრდება

მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

ცვლილებებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან რეალიზაციის წესების დარღვევისას სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით. ასევე კანონპროექტით,

არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 2 000 ლარის, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 4 000 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 4 000 ლარის, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 8 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევას, ეს ქმედება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით, აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.