მათე ტაკიძე - ტურიზმისა და სამშენებლო სეგმენტში, საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიმართულებებში კადრებზე მოთხოვნა გაცილებით მეტია
საზოგადოებას პირდაპირ ვეუბნები, ტურიზმისა და სამშენებლო სეგმენტში, საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიმართულებებში კადრებზე მოთხოვნა გაცილებით მეტია და თუ დასაქმება გვინდა, ჩვენი კარი ღიაა, – განაცხადა საზოგადოებრივი კოლეჯის ”სპექტრი” დირექტორმა, მათე ტაკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენ ევროპული ხარისხის განათლებას გთავაზობთ და დამიჯერეთ, არის უამრავი დეფიციტური მიმართულება, სადაც მოთხოვნასა და მიწოდებას შორის გარკვეული დისბალანსია. ბიზნესს, დამსაქმებლებს გაცილებით მეტი კადრი სჭირდებათ და თუ ამის სურვილი გაგაჩნიათ, არგუმენტირებულად გეუბნებით, რომ შესაბამის განათლებას მოგცემთ და დასაქმებაში დაგეხმარებით. განათლების მიღება მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და სტუდენტებისთვის აბსოლუტურად უფასოა“, – განაცხადა ტაკიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა კოლეჯ ”სპექტრის” კურსდამთავრებული მაშინვე საქმდება, მათე ტიკიძემ აღნიშნა, რომ როცა კოლეჯის სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკის პერიოდში კომპანიებში უშვებენ, მათ პირდაპირ იტოვებენ და მერე კომპანიებთან გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება უწევთ, რომ სტუდენტმა სწავლა დაამთავროს და კვალიფიკაცია მიენიჭოს.
„ესაა შემდუღებლები, ელექტრიკოსები, ენერგეტიკოსები, ე.წ კაფელის მეფილე–მოპირმკეთებლები, მებათქაშეები, მეგზევეები, ტოპოგრაფები, გეოდეზისტები, წყლის მიმართულების, თაბაშირმოპოვების სპეციალისტები და სხვა“, – განაცხადა ტაკიძემ.
მისი თქმით, სამშენებლო სეგმენტში კოლეჯის კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია.
„კოლეჯ ”სპექტრში” 60 პროცენტი პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა, 40% კი თეორიას. ჩვენი კურსდამთავრებული დამხმარე სპეციალისტი არ არის. მას შეუძლია, საქმიანობა დამოუკიდებლად აწარმოოს და შესაბამისად, მისი ხელფასი გაცილებით მაღალია. ამავე დროს, მაღალია კომპანიის დაცულობაც, რადგან ჩვენს კურსდამთავრებულს უსაფრთხოების ყველა სისტემა აქვს გავლილი და კომპანია თავს დაზღვეულად გრძნობს, რადგან მას არ ეშინია, რომ მისი თანამშრომელი საწარმოო ტრავმას არ მიიღებს“, – განაცხადა ტაკიძემ.
როგორც მათე ტაკიძემ აღნიშნა, არის კომპანიები, სადაც მხოლოდ პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს ასაქმებენ.
„ბიზნესმა თავისი განვითარება პირდაპირ კოლეჯის კურსდამთავრებულებიდან დაიწყო. კომპანიებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან ისინი ამით ძალიან გვეხმარებიან“, – განაცხადა მათე ტაკიძემ.