მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.
გამარჯვებული ხუთი ფინალისტიდან გამოვლინდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ: თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი; ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი; მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ქეთევან მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი; გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.