დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი - ხელფასის ასეთი უპრეცედენტო მატება არ მახსოვს ჩემი მასწავლებლობის პრაქტიკის განმავლობაში
დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი - ხელფასის ასეთი უპრეცედენტო მატება არ მახსოვს ჩემი მასწავლებლობის პრაქტიკის განმავლობაში

ხელფასის ასეთი უპრეცედენტო მატება არ მახსოვს ჩემი მასწავლებლობის პრაქტიკის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის 47-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანმა მასწავლებელმა, ფატიმა მაკალათიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„მე სკოლაში მუშაობის 23-წლიან სტაჟს ვითვლი. როდესაც წამყვანი მასწავლებელი ვხდებოდი, ჩემი გამოწვევა და ინტერესი არ იყო, ხელფასი მომმატებოდა. ჩემი ინტერესი იყო, წინ წავსულიყავი, რადგან 21-ე საუკუნის ბავშვის მოთხოვნებს მასწავლებელი უნდა პასუხობდეს. სულ მქონდა სწრაფვა, რომ მეკვლია, საჭიროებებზე დაფუძნებული გაკვეთილები მეტარებინა და ამისთვის გამუდმებით მჭირდებოდა ტრენინგები. დიდი მადლობა სამინისტროს, რომ ხელს გვიწყობდა და უფასო ტრენინგებს გვიტარებდა“, – განაცხადა მაკალათიამ.

სახელფასო პოლიტიკასა და ხელფასის მატებასთან დაკავშირებით ფატიმა მაკალათიამ აღნიშნა, რომ უმჯობესია, საბაზისო ხელფასზე დანამატი გაკეთდეს.

„ჩემ გვერდით არიან პედაგოგები, რომლებიც არ არიან წამყვანი და არიან უფროსი მასწავლებლები, მაგრამ ისინი ისევე ირჯებიან, როგორც მე ვირჯები. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ და მივესალმები, თუ ხელფასი ყველასთვის იქნება მომატებული. ვფიქრობ, უმჯობესია, საბაზისო ხელფასზე დანამატი გაკეთდეს. კიდევ ერთი იდეა – მე რამდენიმე წელი ვიყავი კათედრის წევრებისგან არჩეული ხელმძღვანელი და მოგეხსენებათ, კათედრის ხელმძღვანელს ძალიან დიდი ვალდებულება და შრომა უწევს. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, იზრუნოს მასწავლებელთა განვითარებაზე, წეროს ოქმები, შეადგინოს დოკუმენტები და ის ძალიან დიდ შრომას ეწევა, ისევე, როგორც დამრიგებელი. ამიტომ კარგი იქნება, თუ სახელფასო დანამატის დროს კათედრის ხელმძღვანელებსაც გავითვალისწინებთ“, – განაცხადა მაკალათიამ.

დაწყებითი კლასების წამყვანმა მასწავლებელმა ასევე აღნიშნა, რომ გადაცემა „გადაწყვეტილებას“ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსმენს და მოხარულია, რომ მასში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

„მიხარია, რომ ვიმყოფები ასეთ გადაცემაში, ვიღებ მონაწილეობას გადაწყვეტილებებში და რომ ითვალისწინებენ ჩვენს, მასწავლებლების აზრს“, – განაცხადა მაკალათიამ.