მასწავლებლები, რომელთაც სტატუსის შენარჩუნება სურთ და არ აქვთ საკმარისი კრედიტქულები, პროფესიული გადამზადების ტრენინგს გაივლიან
მასწავლებლები, რომელთაც სტატუსის შენარჩუნება სურთ და არ აქვთ საკმარისი კრედიტქულები, პროფესიული გადამზადების ტრენინგს გაივლიან, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომელთაც 2019-2020 წლებში მასწავლებლის სტატუსის მოპოვება სურთ, საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა ჩააბარონ.
„არსებობს მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა და მისი შენარჩუნების სისტემა. სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული იყო, რომ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული კრედიტქულები ჰქონდათ დაგროვებული, 2018-2019 სასწავლო წლის დასრულებისთვის უკვე უნდა ჰქონდეთ 19 კრედიტქულა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოიპოვებენ ახალ სტატუსს.
რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებსაც სტატუსის მოპოვება უნდათ ახალი 2019-2020 სასწავლო წლიდან, მათთვის იქნება საკვალიფიკაციო გამოცდები და ეს გამოცდები არ იქნება ძველებური. შესაძლებელია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგისთვის გამოცდა ლაბორატორიაში ჩატარდეს, რომ უფრო კარგად შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იქნება მასწავლებელი საკლასო ოთახში.
ამასთან, რაც შეეხება სტატუსის შენარჩუნებას, კრედიტქულები, რომლებიც პედაგოგებმა ამ ოთხი წლის განმავლობაში დააგროვეს და არ არის საკმარისი მათი სტატუსის ცვლილებისთვის, სკოლის შეფასების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციით დაუნიშნავს და რეკომენდაციას მისცემს, რომ პროფესიული გადამზადების ტრენინგი გაიარონ“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
როგორც შუკაკიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი და შეფასების ჯგუფი თვლის, რომ მასწავლებელს სჭირდება გადამზადება კლასის მართვაში, გადამზადდება და დადებითი შეფასების შემდგომ სტატუსი შეუნარჩუნდება.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პროფესიაში სტატუსის შეცვლას მოისურვებენ, მათთვის გამოცდები სექტემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება.
„ვფიქრობთ, საკვალიფიკაციო გამოცდა უნდა იყოს მრავალფეროვანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული და არ უნდა იყოს გამოცდა, რომელიც პედაგოგებში ლუსტრაციას იწვევს. ადამიანები, რომლებიც პროფესიაში სტატუსის შეცვლას მოისურვებენ, მათთვის გამოცდები სექტემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება. პედაგოგებს ამ გამოცდას ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციების შემდეგ დაუნიშნავენ“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, საპენსიო ასაკში მყოფი მასწავლებლების, ასევე პედაგოგებისთვის, რომლებიც საკუთარ კომპეტენციას ვერ ადასტურებენ, სკოლიდან გასვლის მექანიზმი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები დასრულდება.
„ეს იქნება მეორე ტალღა, როდესაც კონკრეტულად ვიტყვით, რადგან ეს მიბმულია ფინანსებზე“, – განაცადა ბერიკა შუკაკიძემ.