მასწავლებლების გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 11 დეკემბერს დასრულდება
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან დაიწყო და 11 დეკემბრის 18:00 საათზე დასრულდება.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში – გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად მსურველი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისთვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ საჭიროა დაჭერა ღილაკზე „შესვლა“, რის შემდეგაც იწყება სასურველი საგნის შერჩევა ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ არის გადახდილი, სისტემა მსურველს არ მისცემს არჩევნის გაკეთების საშუალებას). საგნის არჩევის შემდეგ აპელაციის მსურველი უთითებს იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც სურს. შესაძლოა ყველა დავალების არჩევა.
ორი (საგანი, პროფესიული უნარები) სააპელაციო განაცხადის არსებობის შემთხვევაში, მსურველმა სისტემიდან გამოსვლის გარეშე უნდა შეავსოს ორივე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს იგი.
ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელაა შესაძლებელი ცვლილებების შეტანა.
დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ მსურველი არ გამოიყენებს ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისთვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.