მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, გასაღებასა და გადაზიდვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება
მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, გასაღებასა და გადაზიდვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან.
ინიციატივის გათვალისწინებით, ქიმიური იარაღის კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატებისა და მათი პრეკურსორების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა, ისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით, პირი დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე. ამასთან, კანონპროექტით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შენახვა, შეძენა, გასაღება, ან გადაზიდვა, ტრანზიტი, ან გადაგზავნა, ისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება – ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მომზადება „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით“ ნაკისრ ვალდებულებებს უკავშირდება.
„ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ ხელმოწერისა და აღებული ვალდებულების მიუხედავად, საქართველომ მისი რეგულაციების სრული იმპლემენტაცია დღემდე ვერ მოახდინა. შედეგად, ევროპულ სახელმწიფოებს შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარ კანონმდებლობაში კონვენციის სამართლებრივი მოთხოვნები სრულფასოვნად არ ასახა, რაზეც მითითებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წლიურ ანგარიშებში”, – აღნიშნულია კანონპროექტში.