დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისთვის ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვ.ჟ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-სშემცველი 54 აბი, საიდანაც თბილისში, ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 2018 წლის 31 მარტს 2 აბი 200 ლარად, ხოლო 15 აპრილს ასევე 2 აბი 200 ლარად  უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ხოლო დანარჩენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველ 50 აბს პირადად ინახავდა.

სამართალდამცველებმა ვ.ჟ. თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. ვ.ჟ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.