მაშველებმა მამკოდის ტერიტორიიდან ის 18 ადამიანიც გამოიყვანეს, რომლებიც ნასვამი იყვნენ და წუხელ მაშველებს არ დაემორჩილნენ
მაშველებმა მამკოდის ტერიტორიიდან ის 18 ადამიანიც გამოიყვანეს, რომლებიც ნასვამი იყვნენ და წუხელ მაშველებს არ დაემორჩილნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მამკოდის ტერიტორიიდან ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი უკვე გამოიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. გვიან ღამით, ეს პირები მაშველებს არ დაემორჩილნენ და მდინარის მეორე ნაპირზე არ გადმოვიდნენ. ისინი ნასვამები იყვნენ და მამკოდასთან საქეიფოდ იმყოფებოდნენ.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერიტორიიდან მაშველებმა 70 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დარჩენილი იყო 18 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ამასთან, გვიან ღამით, მამკოდის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამაშველო ღონისძიება ჩატარდა. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, მაშველებმა მდინარის მეორე ნაპირზე 13 ადამიანი გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს. ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on შაბათი, 04 მაისი, 2019