მაშველებმა კურორტ „თეთნულდზე“ ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში, კურორტ „თეთნულდზე“ სასრიალოდ ჩამოსული ექსტრემალების ჯგუფი, სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში თვითნებურად გადავიდა, რამაც გამოიწვია ზვავის უეცარი მოწყვეტა.
„ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სამმა ექსტრემალმა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა მოახერხა, დაშავდა მხოლოდ ერთი. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დათვალიერება ადგილზე ჩაუტარდა, მას ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, დაზარალებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა გუშინ მოხდა, ინციდენტის შემდეგ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში განაგრძო. დილასაც მოხდა სათხილამურო გზებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოგიწოდებთ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და გაფრთხილებთ, დაემორჩილეთ სათხილამურო კურორტებზე ადმნისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს, აუცილებელია, მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა“, – აღნიშნულია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციაში.