მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი განკვეთა
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი განკვეთა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე განაცხადა.
მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, აღნიშნული სასულიერო პირები „დესტრუქციის მცდელობისთვის“ და მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის განკვეთეს. განკვეთილთა შორის არიან მამა დანიელ გვილავა, მამა ათენოგენ მდივანი, პეტრე თუდუშაური და კიდევ სამი სასულიერო პირი. მათ აქამდე მღვდელმსახურება ჰქონდათ შეჩერებული.
„მიუხედავად მათი არაერთი გაფრთხილებისა და შეთანხმების მცდელობისა, აღნიშნული სასულიერო პირები დარღვევებში შევიდნენ და ეკლესიის წიაღში მიუღებელი იყო ამის გამართლება“,- აცხადებს მეუფე სტეფანე.
მიტროპოლიტის თქმით, კონკრეტული სასულიერო პირების და მონაზვნების ერისკაცობამდე განკვეთის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს.
„მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა და კანონიკური სასჯელის დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს აგრესიული ქმედებები, არამედ თავხედობითა და ზღვარგადასული ქმედებით, მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის გარეშე დაუფლებულები იყვნენ საეკლესიო ქონებას”, -განაცხადა მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ მან რამდენჯერმე სცადა ან პირებთან შეთანხმება, თუმცა ამაოდ. როგორც მეუფე ამბობს, ისინი პატრიარქის „ცოდვილად“ გამოცხადებას სთხოვდნენ მიტროპოლიტს.
„ვეცადე, ამ ადამიანებთან გამომენახა ენა. რაზე უნდა შევთანხმებულიყავით, პატრიარქი უნდა გამომეცხადებინა ცოდვილად, რასაც ეგენი აბრალებდნენ და მათთან ერთად გამეჟღერებინა. ვუთხარი, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ და ეს რჯულის კანონით აკრძალულია. როგორც კი გარიგება ვერ მოხერხდა, გადმოვიდნენ ჩხუბზე და ცდილობდნენ, რომ დესტრუქცია მოეწყოთ.
ეკლესიას ვერავინ ვერ დაანგრევს, თვითონ დაინგრევიან ან რქები მოტყდებათ, ან გაისრისებიან. ის, რომ ეკლესიას ვინმე რამეს დააკლებს, ეს არის აბსურდი და შეუძლებელი“,- განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილების საპასუხოდ, განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მეუფეს არ დაემორჩილებიან, რადგან, მათი თქმით, ის ანგარებით მოქმედებს და მთავარი მიზანი ეპარქიაში არსებული მძიმე ცოდვების დამალვაა. ბერები არ გამორიცხავენ, რომ მათ მონასტრების დატოვება საპოლიციო ძალით მოსთხოვონ, თუმცა ისინი სასამართლოში დავისთვისაც მზად არიან. პარალელურად კი საპატრიარქოში შეტანილ განცხადებაზე პასუხს ელოდებიან.
„მეუფე სტეფანე არის უტიფარი კაცი, არანაირი მღვდელმთავარი არ არის. მე ჩვეულებრივ გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, თუ პოლიციით მომიდგება, მე კანონით მივუდგები. მყავს ჩემი ადვოკატები, უფლებების დამცველები. თუ პოლიცია ჩართო, ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება მთავრობის. არანაირი უფლება არ აქვს პოლიციას, რომ ჩაერთოს. სტეფანეს არ აქვს არანაირი უფლება, ბერობის სტატუსი ჩამომართვას. სინოდში სარჩელი დაწერილი გვაქვს და ველოდებით“,- განაცხადა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, მამა დანიელ გვილავამ.
„ჯერ ერთი, მაგას მეუფეს ვერ ვუწოდებ. ჩვენ ამ ადამიანს, რომელიც არის მატყუარა, ბრალმდებელი, ცილისმწამებელი, არ ვემორჩილებით. ეს ადამიანი არის იმ ხალხის მფარველი და თავი, ვინც ამ ეკლესიის წიაღში მამათმავლობის, პედოფილობის და ამ გამოუძიებელი საქმეების გადამფარველია. დაიწყეს სასჯელები, განკვეთები, დამუქრებები, სხვა მათ მეტი არაფერი აინტერესებთ“,- აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ბალდის მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, მამა ათინოგენე მდივანმა.