პარლამენტში ლევან დავითაშვილსა და თეა წულუკიანს მარტში მოუსმენენ
პარლამენტში ლევან დავითაშვილსა და თეა წულუკიანს მარტში მოუსმენენ

ყველა მინისტრი პარლამენტის წინაშე ბიუროს მიერ დამტკიცებულ ვადაში წარდგება და სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

„ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით გარკვეული სიახლეები გვექნება. პირველ რიგში, ეს ეხება „მინისტრის საათს“. მიმდინარე კვირაში პარლამენტის წინაშე წარდგებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ხოლო მარტში სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის მინისტრები. ეს ახალი რეგულაცია „მინისტრის საათის“ სახელით გულისხმობს, რომ ყველა მინისტრი პარლამენტის წინაშე ბიუროს მიერ დამტკიცებულ ვადაში წარდგება და სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრებს“, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, დეპუტატები მინისტრებს კითხვებს დაუსვამენ და პოლიტიკური დებატები გაიმართება.

„ამით ავამოქმედებთ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლებს. საპარლამენტო რესპუბლიკა გულისხმობს, რომ პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც აკონტროლებს მთავრობას და ეს იქნება გამოხატული იმაშიც, რომ მთავრობის წევრები ხშირად მიიღებენ მონაწილეობას როგორც პლენარულ სხდომაზე, ასევე კომიტეტის სხდომებში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტში მიმდინარე კვირაში ორ მინისტრს მოუსმენენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში  7 თებერვალს წარდგება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი, 8 თებერვალს.

პარლამენტის ახალი რეგლამენტით, გათვალისწინებულია მინისტრის საათის ფორმატი, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წევრები საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველთვიურად წარდგებიან.