მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჩაატარა.
არქიმანდრიტმა ქადაგებისას წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ცხოვრებაზე ისაუბრა.
„დღეს ეკლესია წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის დღეს აღნიშნავს. წმინდა პანტელეიმონი მესამე საუკუნის ბოლოსა და მეოთხეს დასაწყისში მოღვაწეობდა. ის იყოს წარმართი მამისა და ქრისტიანი დედის შვილი, რომელიც საკმაოდ შეძლებული იყო. წმინდა პანტელეიმონს დედა ადრეულ ასაკში, 15 წლის ასაკში გარდაეცვალა და მამის გავლენა ძალიან დიდი იყო, რომ პანტელეიმონს ესწავლა და ის იგივე, წარმართული რელიგიის ყოფილიყო. მან წმინდა პანტელეიმონი მიაბარა ერთ-ერთ ცნობილ ექიმს, რომელიც განსწავლიდა მას საექიმო საქმეებში. და იმდენად ლამაზი იყოო წმინდა პანტელეიმონი. ეს ექიმი მეფესთან, იმპერატორთან დაახლოებული ადამიანი იყო. იმპერატორმა მაქსიმიანემ მოინდომა, რომ რაც შეიძლება მალე ესწავლა პანტელეიმონს ეს მეცნიერება, რომ მალე მისი ექიმი ყოფილიყო.
ასეთი ისტორიაა, როდესაც სასწავლებლად მიდიოდა წმინდა პანტელეიმონი, გზად უნდა გაევლო წმინდა ერმოლაოსთან. როდესაც შენიშნა ამ ქრისტიანმა ადამიანმა, როგორი კარგი იყო ეს ადამიანი გონიერებით, შესახედაობით, მოინდომა, მისთვის ქრისტიანობა ესწავლებინა და ქრისტეს გზა ეჩვენებინა. როდესაც ასე უქადაგებდა ხოლმე, ასწავლიდა, რომ არ არის საკმარისი, ადამიანი იყოს მხოლოდ კარგი მკურნალი, თუ ამ მკურნალს კარგი შეწევნა არ ექნება. მედიცინა ძალიან ძლიერია, მაგრამ ღვთის შეწევნის გარეშე ძალიან სუსტია. ამას დღევანდელი მეცნიერებიც აღიარებენ.
როდესაც ამ ქრისტიანობას შეიმეცნებდა წმინდა პანტელეიმონი, ერთხელ, როდესაც გზად მიდიოდა, ნახა მკვდარი ბავშვი, რომლისთვისაც გველს ეკბინა. გველიც იქვე იყო. ჯერ პანტელეიმონი მონათლული არ იყო და ქრისტეს შეევედრა, რომ თუ ეს ადამიანი მისი რწმენითა და ლოცვით გაცოცხლდებოდა, ის აუცილებლად გახდებოდა ქრისტიანი და ასევე სთხოვა, რომ ეს გველი განგმირულიყო.
ამ ბავშვმა გაიღვიძა ლოცვით და გველიც იქვე განიგმირა. როდესაც წმინდა პანტელეიმონმა ეს უდიდესი სასწაული დაინახა, მყისვე მივიდა მოძღვართან და მოანათლინა თავი. მისი მამაც მალევე მოინათლა. ძალიან დიდი სასწაული ნახა, როდესაც ვერავინ უშველა ბრმა ადამიანს, პანტელეიმონმა აუხილა მას თვალი და მამამისმაც ირწმუნა ქრისტიანობა. როდესაც პანტელეიმონი ადამიანებს უსასყიდლოდ კურნავდა, ძალიან დიდი შურით აღიძრნენ სხვა მკურნალები და დაასმინეს იმპერატორთან. მან სთხოვა კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, რაზეც უარი მიიღო და მძიმე სატანჯველებით აწამა წმინდა პანტელეიმონი. მისთვის არაფერი არ იყო ეს განსაცდელები, პირიქით, როგორც წმინდა გიორგის წამების დროს, ბორბალზე წამებით წმინდა გიორგი აღდგა და სწორედ ასე წმინდა პანტელეიმონიც გადიოდა ამ ტანჯვებს. ბოლოს განგმირეს, უნდოდათ, რომ არ მოეკლათ მხედრებს, ვინც ამხელა სასწაული დაინახეს, მაგრამ თავი მოკვეთეს და სისხლის მაგივრად, რძე გადმოვიდაო, ასეთია გადმოცემა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, წმინდა პანტელეიმონმა უამრავი ადამიანი განკურნა, ისევე, როგორც მამა გაბრიელმა. მეუფე შიომ ზიარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„უამრავი ადამიანი განკურნა წმინდა პანტელეიმონმა სიცოცხლეშიც და აღსრულების შემდეგაც ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს მისგან შემწეობას. თუნდაც მამა გაბრიელის დროს რამდენი სასწაული მოხდა მისი ლოცვით, რამდენი ადამიანი ვიცით ძალიან მძიმე დიაგნოზით, რომლებიც ცოცხლები არიან და ჯანმრთელები გახდნენ. გაკვირვებულები არიან ექიმები ამ სასწაულებით. დღევანდელ დღესაც აღესრულება უამრავი ასეთი სასწაული. ეს სასწაული ქრისტეს გარეშე არ იქნება, წმინდა ზიარების გარეშე არ იქნება. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.