მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს. საზეიმო წირვა სამებაში 10:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პატრიარქი ილია მეორე შეკრებილებს გიორგობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.