მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ტაძრებში დღეს წყალი ეკურთხება. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს.
მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. დიდი აიაზმის წესით, წყალი ნათლისღების წინა დღე, გუშინაც ეკურთხა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან, სახარების მიხედვით, ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე, ნათლობა დაწესდა.
სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.
საზეიმო წირვის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი 10:00 საათზე შემოგთავაზებთ.