ნათლისღება სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]
ნათლისღება სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში ჩაატარა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.

შესრულდა დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი. ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება, მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.