მარტივი მეთოდით, მეცნიერებმა ზღვის წყალი წყალბადის საწვავად გარდაქმნეს
ქიმიურმა რეაქციამ, რომლის შესახებ სკოლაშიც ისწავლეთ, შესაძლოა, მსოფლიო ენერგოკრიზისი გადაჭრას. წყალში ელექტროენერგიის გატარების შედეგად, ეს უკანასკნელი ჟანგბადად და წყალბადად იშლება. ამ წყალბადის გამოყენება შესაძლებელია საიმედო, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე საწვავის წყაროდ.
წარსულში, წყლის დაშლის ეს პროცესი საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვდა და არახელსაყრელი იყო, მაგრამ ახლახან, მეცნიერებმა მიაგნეს გზას, როგორ გამოტოვონ ეს პროცესი სრულიად და საჭირო წყალბადად პირდაპირ ზღვის წყალი გარდაქმნან. ამის შესახებ ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევა იუწყება.
სტენფორდის უნივერსიტეტისა და პეკინის ქიმიურ ტექნოლოგიათა უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, წყალბადის საწვავის წარმოება მტკნარი წყლისგან არც თუ ისე გონივრული იქნებოდა, რადგან მსოფლიოში ასეთ წყალზე მოთხოვნა დიდია.
ამ მხრივ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილება, რომელიც მთელ მსოფლიოს გვალვებს უქადის.
გამომდინარე აქედან, მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც, ექსპერიმენტის ფარგლებში გამოყენებული ელექტროდებით ქიმიური რეაქცია მლაშე წყალში წარიმართა.
იმის გამო, რომ წყლის ჟანგბადად და წყალბადად დაშლისათვის საჭიროა ელექტრული მუხტი, მკვლევრები ცდილობდნენ შეექმნათ გარემოსადმი რაც შეიძლება მეგობრული მოწყობილობა, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებდა.
მკვლევართა განცხადებით, ამ სისტემის მიმაგრება შესაძლებელია წყალქვეშა ნავებზე ან მყვინთავების აღჭურვილობაზეც.
წყალბადის საწვავის ენერგიით მოამარაგებს წყალქვეშა ნავს ან მყვინთავის მოწყობილობას, შესაძლებელი იქნება ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ჟანგბადის შენახვაც.
თუმცა, ამ მეთოდის პრაქტიკულ გამოყენებამდე ალბათ ჯერ შორია, რადგან ახალმა კვლევამ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს და ხელსაყრელია.
კვლევის ავტორთა თქმით, ამ ეტაპზე წყალბადზე მოთხოვნა შედარებით შეზღუდულია, რადგან არ დაწყებულა ე. წ. წყალბადის ეკონომიკა, რომელიც ჯერ ზრდის ეტაპზე იმყოფება.
მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.