მარტივი ჭიები შეიძლება შიშს და სხვა საბაზისო ემოციებს განიცდიდნენ — ექსპერიმენტის საოცარი შედეგები #1tvმეცნიერება
მარტივი ჭიები შეიძლება შიშს და სხვა საბაზისო ემოციებს განიცდიდნენ — ექსპერიმენტის საოცარი შედეგები #1tvმეცნიერება

რაც არ უნდა საოცრად მოგეჩვენოთ, დაკლაკნილი, მრგვალი ჭიები, რომლებსაც არც თვალები აქვთ, არც ხერხემალი და არც თავის ტვინი, მაინც შეიძლება ფლობდნენ საბაზისო ცხოველურ ემოციებს.

ახალ კვლევაში, ნემატოდმა, სახელად Caenorhabditis elegans-ი, მტკიცე უარყოფითი რეაქცია აჩვენა სწრაფი ელექტრული დარტყმის მიმართ. ხანმოკლე და მკვეთრი შოკის მიღებიდან მრავალი წუთის შემდეგ, ჭია მაინც ძლიერ სწრაფად აგრძელებდა ლაბორატორიიდან გაქცევას.

იაპონიის ქალაქ ნაგოიის უნივერსიტეტისა და აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ ასეთი ხანგრძლივი პასუხი, რომელიც ჭიის გაქცევაში გამოიხატება, თავის ტვინის შიშის მსგავს მდგომარეობაში ყოფნაზე მიმანიშნებელია.

როგორც ჩანს, ჭიის უარყოფითი მდგომარეობის ხანგრძლივობას და სიმწვავეს არეგულირებდა მის მარტივ ნერვულ სისტემაში არსებული სპეციფიკური ნერვული წრედი და არა მამოძრავებელი სისტემის პირდაპირი სტიმულაცია.

„ეს თვისებები ბოლო დროს ემოციების გადამწყვეტ მახასიათებლად აღიქმება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ C. elegans-ის რეაგირება ელექტრულ შოკზე შეიძლება ასახავდეს შიშის მსგავს ემოციის ფორმას“, — წერენ მკვლევრები.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია ამჟამად მიმდინარე დებატებში იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა სინამდვილეში უხერხემლოები განიცდიდნენ ჩვენი ემოციების პრიმიტიული წინამორბედებს.

ბოლო პერიოდში მდინარის კიბოებზე, ბაზებზე და ხილის ბუზებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ უხერხემლოებს ნამდვილად აქვთ ხანგრძლივი დადებითი და უარყოფითი კოგნიტური მდგომარეობები სპეციფიკურ სტიმულთა შემდეგ, სულ მცირე, გარკვეულწილად.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თავად ჩარლზ დარვინი წერდა, რომ „მწერებსაც კი შეუძლიათ გაბრაზების, შიშის, ეჭვიანობისა და სიყვარულის გამოხატვა“; თუმცა, მისი ეს მოსაზრება დიდწილად ეფუძნებოდა ადამიანის ტენდენციას ანთროპომორფიზმისკენ და არა რაიმე ობიექტურ ექსპერიმენტებს.

დღეისათვის, ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ არ არსებობს გზა, ობიექტურად გაზომო ემოციები და ეს ტერმინი საერთოდ უნდა ამოვიღოთ.

სხვები კი ამტკიცებენ, რომ მნიშვნელოვანია, სულ მცირე, ვცადოთ მაინც. 2014 წელს, ბიოლოგებმა დევიდ ანდერსონმა და რალფ ადოლფმა, ცხოველების ემოციების რაც შეიძლება ობიექტურად გასაზომად, ჩარჩო შეიმუშავეს.

მათი მტკიცებით, ემოციები შინაგანი, ცენტრალური მდგომარეობაა, რასაც ცხოველი შეიძლება შეგნებულად ვერ აცნობიერებდეს და რაც გამოწვეულია სპეციფიკური სტიმულებით.

ცხოველები, რომლებიც ამ სტიმულებზე რეაგირებენ, ფიზიოლოგიურად, კოგნიტურად თუ ქცევით, ოთხ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა ემოციურებად ჩაითვალონ: უნდა გაგრძელდეს სტიმულის გაქრობის შემდეგ, უნდა იზრდებოდეს ან მცირდებოდეს სტიმულის მასშტაბის შესაბამისად, უნდა დომინირებდეს სხვა ქცევით პასუხებზე და თანმიმდევრული უნდა იყოს სტიმულის ტიპის შესაბამისად.

როგორც ჩანს, C. elegans-ი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სულ მცირე სამს აკმაყოფილებს, რადგან ის შოკის ადგილისგან მოშორებას ცდილობს, რაც მიუთითებს, რომ თავად ჭიებიც კი განიცდიან ისეთ საბაზისო ემოციებს, როგორიც არის შიში.

ბოლოდროინდელ ექსპერიმენტებში, როდესაც ჭიები 45 წამის განმავლობაში გრძნობდნენ ცვლად დენს, ისინი ორი წუთის განმავლობაში მაღალი სიჩქარით გარბოდნენ ადგილიდან.

ამ „შიშის“ მდგომარეობის დროს, როდესაც ახლოს საკვები დაუდეს, ჭიებმა მას ყურადღებაც კი არ მიაქციეს და სწრაფად გაქცევა განაგრძეს, რაც მიუთითებს, რომ დადებითი სტიმული როგორღაც ჩაახშო უარყოფითმა მდგომარეობამ.

ეს ასევე მიუთითებს, რომ ეს ემოციური რეაქცია შეიძლება განზოგადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე ემოციური მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა სტიმულებმა გამოიწვიოს და რომ ერთმა სტიმულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვებზე რეაქციაზე.

ახალ კვლევაში მხოლოდ ელექტრული შოკები შეისწავლეს და შესაბამისად, მას ამის დადასტურება არ შეუძლია, მაგრამ როგორც ჩანს, შოკის სიძლიერემ ნამდვილად იქონია გავლენა ჭიის რეაქციაზე.

მაშინაც კი, როდესაც შოკის ხანგრძლივობა 5 წამი იყო, ჭია 1,5 წუთის განმავლობაში გარბოდა, შემდეგ კი თანდათან დაუბრუნდა საწყის მშვიდ მდგომარეობას.

როდესაც მკვლევრებმა ექსპერიმენტი იმ ჭიებზე გაიმეორეს, რომლებსაც ნეიროპეპტიდების (ადამიანის ჰორმონების ეკვივალენტი) წარმოქმნა არ შეეძლოთ, ჭიები უფრო დიდხანს გარბოდნენ მაღალი სიჩქარით.

„ვინაიდან ნეიროპეპტიდთა სიგნალირების მოთხოვნა ჭიებში მოგვაგონებს შიშის ნეიროპეპტიდურ რეგულაციას ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებში, ტვინის შიშის მსგავს მდგომარეობას შეიძლება არეგულირებდეს ევოლუციურად დაკონსერვებული მოლეკულური მექანიზმები“, — წერენ მკვლევრები.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ C. elegans-ი შეიძლება იდეალური მოდელი იყოს იმის დასადგენად, როგორ უკავშირდება ნერვული წრედები ემოციებს ცხოველთა სამეფოში.

თუ ცხოველებს შორის მართლაც არსებობს ემოციების რეგულირების საერთო ნერვული მექანიზმი, მრგვალ ჭიებზე ჩატარებული კვლევები მეცნიერებს შეიძლება იმის უკეთესად შესწავლაში დაეხმაროს, როგორ წარმოიქმნება ის მუდმივი უარყოფითი ემოციები, რომლებიც განწყობის აშლილობას, მაგალითად, დეპრესიას იწვევს.

მრგვალი ჭიების ბევრი გენი ადამიანებსა და სხვა ორგანიზმებშიც გვხვდება, მათ შორის ისინიც, რომლებიც როგორც ჩანს, მათ „შიშის მსგავს“ რეაქციაშია ჩართული.

შემდეგი კვლევებია საჭირო, რათა დადგინდეს, აჩვენებენ თუ არა C. elegans-ი და სხვა მრგვალი ჭიები დადებით ემოციურ მდგომარეობას ჯილდოზე, მაგალითად, საკვებზე.

კვლევა ჟურნალ Genetics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.