მარსზე სიცოცხლის ძებნა გრძელდება, მაგრამ როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, საჭიროა გეგმის შეცვლა და განსხვავებული მიდგომით მოქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის საპოვნელად ამ დრომდე ჩატარებული არაერთი კვლევა ფოკუსირებული იყო დამშრალი ტბების გარემოზე, სადაც დანალექების დეპოზიტირებას წყალი მილიარდობით წლის წინ ახდენდა — შესაძლოა, რომ ამ რეგიონების ზედაპირზე სიცოცხლე არც არასოდეს არსებულა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საერთოდ არსებობდა მარსზე სადმე.
18 დეკემბერს ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მეცნიერებს მოუწოდებს, ამის ნაცვლად, მარსზე ეძებონ ისეთი ზონები, სადაც უძველეს წარსულში უნდა ყოფილიყო ჰიდროთერმული აქტივობა.
ნამარხების საძებნელად ამ ადგილებში ქანების გათხრა, სადაც ერთ დროს, უძველესი მარსის ოკეანის ფსკერზე, ჰიდროთერმული ხვრელებიდან უნდა გამოდენილიყო ცხელი წყალი და საკვები ნივთიერებები — შესაძლოა საუკეთესო გზა იყოს მარსზე წარსულში არსებული სიცოცხლის მტკიცებულებების საპოვნელად.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე დამშრალი ტბების აუზები მრავალგვარი სიცოცხლის დიდძალ მტკიცებულებებს შეიცავს, კვლევა აღნიშნავს, რომ დედამიწის შემთხვევაში, ზედაპირზე სიცოცხლის უხვი ფორმების წარმოქმნა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც განვითარდა და ჟანგბადის წარმომქმნელ ფოტოსინთეზში ჩაერთო ციანობაქტერია.
ეს ყველაფერი მოხდა დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ სიცოცხლის პირველი ფორმების წარმოქმნიდან 1,5 მილიარდი წლის შემდეგ. ჟანგბადის ახალმა წყარომ წარმოქმნა ოზონის ფენა, რომელმაც პლანეტა ულტრაიისფერი რადიაციისა და მზის ქარებისგან დაიცვა.
„მიჩნეულია, რომ დედამიწაზე, ზედაპირის დანალექოვანი გარემო საუკეთესო ადგილია უძველესი სიცოცხლის მტკიცებულებათა საპოვნელად, მაგრამ ასე იმიტომ ხდება, რომ ბოლო 2 500 მილიონი ან მეტი წლის განმავლობაში, ჩვენს პლანეტაზე დომინირებდა მაღალი ფოტოსინთეზური ბიომასა“, — წერია კვლევაში.
„იმ დროისთვის, როცა დედამიწაზე ჟანგბადის ფოტოსინთეზი განვითარდა, მარსი ჰიპერმშრალი, გაყინული უდაბნო იყო, ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში კი ზედაპირი იბომბებოდა მაღალენერგიული მზის ქარებითა და კოსმოსური რადიაციით. შედეგად, მარსის ზედაპირზე ფოტოსინთეზური სიცოცხლე შეიძლება არც არასოდეს აღმოცენებულა. აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა საუკეთესო სტრატეგია სიცოცხლის მტკიცებულებათა ძიება მარსის დანალექოვან ზედაპირზე“.
ბევრ მეცნიერს, ვინც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას, ანუ აბიოგენეზს სწავლობს, სჯერა, რომ პირველი ორგანიზმები უნდა გაჩენილიყვნენ ზღვის ფსკერზე, თბილი, საკვებით მდიდარი ჰიდროთერმული ხვრელების გარშემო.
ზედაპირზე სიცოცხლე მხოლოდ მას შემდეგ განვითარდა, რაც ფოტოსინთეზმა ოზონის დამცავი ფენა წარმოქმნა. მაგრამ მარსი, რომელიც დედამიწაზე 10-ჯერ ნაკლებად მასიურია, წიაღში გაცივდა და დაკარგა კოსმოსური ამინდისგან მისი ატმოსფეროს დამცავი მაგნიტური ველი.
შედეგად, დაახლოებით, 3,7 მილიარდი წლის წინ, მარსმა თითქმის მთლიანი ატმოსფერო დაკარგა და გდაიქცა ისეთ გაყინულ უდაბნოდ, როგორსაც დღეს ვხედავთ.
აქედან გამომდინარე, იმისათვის, რათა მარის ზედაპირზე სიცოცხლე განვითარებულიყო, საჭირო იყო წითელ პლანეტაზე დედამიწაზე ადრე დაწყებულიყო ფოტოსინთეზი. ეს კი ნაკლებ სავარაუდო სცენარია.
ამის ალტერნატივად, კვლევის ავტორები გვთავაზობენ მარსზე ვეძებოთ ისეთი ადგილები, სადაც ერთ დროს წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ჰიდროთერმული აქტივობა. მათი აზრით, სწორედ ასეთ ადგილებში უნდა ვეძებოთ მიწისქვეშა ნამარხები.
ხელთ გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ უძველესი მარსზე, რაღაც პერიოდში, ნამდვილად არსებობდა ჰიდროთერმულ აქტივობათა კონცენტრაცია.
პლანეტის ინფრაწითელი სკანირებისას, მარსზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით ჰიდრატირებული სილიკატური მინერალი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ზედაპირზე წარმოქმნილიყო დრამატული კლიმატური ცვლილებების დროს, „ბევრი დეპოზიტი წარმოადგენს ნივთიერებას, რომლებიც როგორც ჩანს, ზედაპირის ქვეშიდანაა ამოსული“, — წერია კვლევაში.
გარდა ამისა, 2007 წელს მავალმა Spirit-მა გუსევის კრატერში შემთხვევით აღმოაჩინა ოპალის სილიკატი, რაც წარსულის აქტიური ჰიდროთერმული პროცესების ძლიერი მტკიცებულებაა.
მათ, ვინც მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნას სილიციუმის ამ დეპოზიტთა პოვნით იმედოვნებს, შეიძლება დიდხანს მოცდა აღარ დასჭირდეთ.
ჯეკ მასტარდმა, ბრაუნის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორმა და ახალი კვლევის თანაავტორმა, Space.com-ს უთხრა, რომ იმედი აქვს, მომავალი მავალი მარსი 2020 გამოყენებულ იქნება „მინერალიზებული ნაპრალების ზონების“ საკვლევად.
„ეს არის ადგილები, სადაც ქერქში სითხე მიედინებოდა და სადაც, სხვადასხვა წყაროების სხვადასხვა სითხეები ერთმანეთს ერეოდა; მათ უნდა ჰქონოდათ მნიშვნელოვან ელემენტთა განსხვავებული კონცენტრაცია, ისევე როგორც დაშლილი წყალბადი. ეს მართლა ძალიან ამაღელვებელი იქნება“, — უთხრა მასტარდმა Space.com-ს.
მარსზე სიცოცხლის მტკიცებულების პოვნა ერთ დროს აქტიური ჰიდროთერმული ზონების გარშემო, ორმაგი მიღწევა იქნება მეცნიერებაში.
გარდა იმისა, რომ დამტკიცდება სიცოცხლის არსებობა სხვა პლანეტებზე, ეს ფაქტი იმის უძლიერესი მტკიცებულებაც იქნება, რომ ჰიდროთერმული ხვრელები ნამდვილად არის დედამიწაზე არსებული სიცოცხლის აკვანი.
მომზადებულია Popular Mechanics-ის მიხედვით