მარსზე ქვიშის შტორმი მძვინვარებს - NASA ფოტოებს აქვეყნებს
17:46, 14.06.2018
მარსზე საშინელი ქვიშის შტორმი მძვინვარებს. NASA-ს განცხადებით, ძალებს იკრებს გლობალური შტორმი. სტიქიას უკვე მოცული ჩრდილოეთ ამერიკისა და რუსეთის ზომის ტერიტორია, ანუ მარსის მეოთხედი. პლანეტის ზოგიერთ რეგიონში სრული წყვდიადია, ვეღარ აღწევს მზის სინათლე.
„ეს შტორმი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რაც კი აქამდე შეგვინიშნავს წითელ პლანეტაზე“, — წერია NASA-ს განცხადებაში.
ქვიშის შტორმებს მარსზე მზის ნათება იწვევს. როცა ნიადაგი თბება, მარსის თხელ ჰაერში წარმოიქმნება მაღლა მიმართული ნაკადები და საბოლოოდ, ყალიბდება ქარიშხალი, რომელსაც ქვიშა საკმაოდ მაღლა ააქვს ატმოსფეროში.
ქვიშის ღრუბლები თანდათან იზრდება და მთლიან რეგიონებს იკავებს, რომლებიც ხანდახან ერთმანეთს ერწყმიან და წარმოქმნიან გლობალურ შტორმს.
როგორც NASA-ს მკვლევრებმა გუშინ გამართული ტელეკონფერენციაზე განაცხადეს, უახლოეს ორ-სამ დღეში, შტორმი მთლიან პლანეტაზე გავრცელდება.
მოცემული ფოტოების სერია წარმოადგენს NASA-ს სიმულაციას მარსმავალ Opportunity-ს გადმოსახედიდან. სურათებზე ასახულია, როგორ ჩანს მზე და ცა დღის ყველაზე ნათელ დღეს. აგებულია მავალის მიერ გადაღებულ რეალურ ფოტოებზე დაყრდნობით.
კაშკაშა წერტილი რა თქმა უნდა, მზეა. მარსის ჰაერის შემადგენლობის გამო, ის გარკვეულწილად მოლურჯო ჩანს.
მავალი Opportunity მარსზე 2004 წლის იანვარში დაჯდა და მას შემდეგ, დიდი წვლილი შეიტანა პლანეტის შესწავლაში. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისია მხოლოდ 90 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე 14 წელია, მავალი ამაყად დააბიჯებს წითელი პლანეტის ზედაპირზე.
სამწუხაროდ, Opportunity ამჟამად ქვიშის შტორმის ეპიცენტრშია მოხვედრილი. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგიას ის მზის პანელებიდან იღებს, NASA-მ მავალი ძილის რეჟიმში გადაიყვანა, რადგან ჩაბნელებიუს გამო, პანელები ენერგიას ვეღარ აგროვებს.
სამაგიეროდ, თავს კარგად გრძნობს NASA-ს კიევ ერთი მარსმავალი Curiosity, რადგან ის ბირთვულ ენერგიაზე მუშაობს. გარდა ამისა, ის იმყოფება რეგიონში, სადაც შტორმი არც ისე ძლიერია.