მარსზე ქვიშის შტორმი იმდენად მძვინვარეა, რომ უკვე მთელი პლანეტა მოიცვა
NASA-ს 15 წლის მარსმავალ Opportunity-ს წითელ პლანეტაზე მძიმე დღეები უდგას.
30 მაისს, მარსის ზედაპირზე ქვიშის მოზრდილი შტორმი შენიშნეს, ზუსტად Opportunity-ს მიდამოებში. მას შემდეგ, ქარიშხალი გაძლიერდა.
12 ივნისს შტორმმა 35 მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მოიცვა, ანუ პლანეტის მეოთხედი.
წინა კვირაში NASA-მ დაადასტურა, რომ შტორმი უკვე გლობალური გახდა, ანუ მთლიანი პლანეტა მოიცვა და როგორც ჩანს, ჩადგომას ჯერ არ აპირებს.
ქარიშხლის დაწყებისთანავე, ენერგიის დაზოგვის მიზნით, მზის ბატარეებზე მომუშავე Opportunity NASA-მ ძილის რეჟიმში გადაიყვანა.
მარსზე მყოფი მეორე მავალი Curiosity ბირთვულ საწვავზე მუშაობს და შესაბამისად, წითელი პლანეტის მეორე მხარეს აქტიურად სწავლობს ქარიშხლის ეფექტებს.
თუკი Opportunity-ს კიდევ შერჩა რაიმე ენერგია, ის მას შიდა ნაწილების სითბოს შესანარჩუნებლად გამოიყენებს და მისიის ხელმძღვანელობას ენერგიის ოდენობის შემოწმების საშუალებას მისცემს.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვიშის მტვერი ბლოკავს მზის სხივებს, საიდანაც Opportunity ენერგიას იღებს, მაგრამ ამავე დროს, მტვერს შეწოვილი უნდა ჰქონდეს სითბო, რომელმაც მავალს ტემპერატურა უნდა შეუნარჩუნოს.
„Opportunity-სგან სიგნალი ჯერ კიდევ არ მიგვიღია, მაგრამ მისი ბოლო, გრძელვადიანი გადარჩენის უნარის ანალიზები გვთავაზობს, მავალის ელექტრონიკა და ბატარეები ჯერ ისევ საკმარისად თბილია ფუნქციონირებისათვის“, — აცხადებს NASA.
აღსანიშნავია, რომ Opportunity-ს წარსულში უარესებიც გადაუტანია. 2007 წელს მან მარსის უფრო დიდ შტორმს გაუძლო. თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ქვიშის მძვინვარე შტორმთა სერიამ Opportunity-სა და მის ამჟამად მკვდარ პარტნიორს, მავალ Spirit-ს მაშინაც ძილის რეჟიმში გადასვლა აიძულა.
მართალია, Opportunity-ს ამჟამად სძინავს და შტორმისგან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ მარსის მეორე მხარეს მყოფ მის „კოლეგას“, მავალ Curiosity-ს სტიქია სულ არ ანაღვლებს, შტორმის ფონზე სელფებს იღებს და მშობლიურ პლანეტაზე აგზავნის.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.