მარსზე აღმოჩენილი უცნაური ქანი, შესაძლოა, უძველესი სიცოცხლის ნიშნებს შეიცავდეს — #1tvმეცნიერება
მარსზე აღმოჩენილი ქანი სავსეა იმის ნიშნებით, რომ მილიარდობით წლის წინ, ის შეიძლება სიცოცხლისთვის აუცილებელ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდა.
ეს დანალექი მასალა, რომელსაც ჩევაია-ფოლსი უწოდეს, მავალმა პერსევერანსმა უძველესი მდინარის ნაპირზე აღმოაჩინა; შეიცავს ორგანულ ნაერთებსა და ლეოპარდის მსგავს ლაქებს, რომლებიც მიუთითებს ქიმიურ რეაქციებზე, რომელთაც შესაძლოა, ქემოსინთეზური მიკრობები იყენებდნენ ენერგიის წყაროდ.
„ეს ლაქები დიდი სიურპრიზია. დედამიწაზე, ქვებზე არსებული ამ ტიპის წარმონაქმნები ხშირად დაკავშირებულია ზედაპირქვეშ ბინადარ მიკრობთა ნამარხებთან“, — ამბობს ავსტრალიის ქუინზლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი დევიდ ფლანერი.
სულ უფრო მეტი მტკიცებულება სულ უფრო მეტად მიუთითებს, რომ ერთ დროს, მარსის გარემო პირობები ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის. იქ იყო წყალი, ქიმიური ნივთიერებები, სიცოცხლის საშენი მასალების წარმოქმნისთვის საჭირო გარემო პირობები.
მეცნიერთა აზრით, თუ მარსზე სიცოცხლის ნიშნებს ვიპოვით, ის დედამიწის პირველი ცოცხალი ორგანიზმების მსგავსი უნდა იყოს; ანუ მიკრობული და დაბალ ჟანგბადზე ან სრულიად უჟანგბადობაზე მორგებული.
აქ, დედამიწაზე ამ სიცოცხლის ნაშთები ძნელად გასარჩევია, რადგან შედგება განმარხებულ მიკრობთა „ხალიჩების“ შრეებისგან, რომლებიც დანალექოვან ქანებს შორისაა მოქცეული. მავალ პერსევერანსის მისიის მთავარი მიზანი სწორედ ასეთი ნიშნების პოვნაა მარსზე.
ამიტომ, ის წითელი პლანეტის იმ რეგიონში დადის, რომელიც ერთ დროს წყლით იყო დაფარული და დანალექ ქანებში სწავლობს ყველა იმ ხელწერას, რაც აქ, დედამიწაზე ბიოლოგიის ნიშანი იქნებოდა.
როდესაც პერსევერანსმა ჩევაია-ფოლსი იპოვა და გაბურღა, ის მაშინვე გახდა ყველაზე ძლიერი ასეთი ნიშანი მარსზე ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
მავალის მიერ შესწავლილ ნიმუშებში აღმოჩნდა ორგანული, ნახშირბადით მდიდარი მასალები. მარსზე ბევრი ორგანული მასალაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ორგანული მასალების წარმოქმნა ძალიან ბევრ არაბიოლოგიურ პროცესს შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მასალების აღმოჩენა არანაირი დიაგნოზი არაა.
თუმცა, სხვა შესაძლო ბიოლოგიურ ნიშნებს შორის, ორგანულ მასალათა არსებობს სულ უფრო მნიშვნვლოვანი გახდა.
ცნობილია, რომ ჩევაია-ფოლსი ერთ დროს წყლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ეს უკვე პირველი ნაბიჯია. ქვას გარს აკრავს კალციუმის სულფატის ფენები, რომლებსაც ერთმანეთისგან ჰემატიტის შრეები ჰყოფს. ჰემატიტი სწორედ ის მინერალია, რომელიც მარსს წითელ შეფერილობას აძლევს.
ამ შრეებში შეიმჩნევა შავად შემოსაზღვრული პატარა თეთრი ლაქები, რაც ძლიერ წააგავს ლეოპარდის ლაქებს. ლაქების გარშემო არსებული ეს შავი საზღვრები რკინასა და ფოსფატს შეიცავს.
ასეთი ლაქები მაშინ წარმოიქმნება, როცა ქვაში არსებული ჰემატიტის მონაწილეობით მიმდინარე ქიმიური რეაქცია ამ წითელ მონაკვეთს გაათეთრებს, რა დროსაც გამოიყოფა რკინა და ფოსფატი და შედეგად, წარმოიქმნება შავი რგოლებიც. ამ რეაქციების დროს წარმოიქმნება ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც მიკრობებს ენერგიის წყაროდ შეუძლიათ.
ამას გარდა, ჩევაია-ფოლსი შეიცავს ოლივინს — მინერალს, რომელიც ვულკანურ ქანებში წარმოიქმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს წარმოქმნის სხვა ისეთი მექანიზმებიც, რომლებიც სულაც არ მოითხოვს მიკრობთა არსებობას იქ შემჩნეულ მახასიათებელთა ასახსნელად.
ამ ქანში შრეები, ლაქები და ოლივინი ასევე შეიძლება წარმოქმნა წყალთან და სუპერცხელ ვულკანურ გარემოსთან ზემოქმედებამაც.
ამ ეტაპზე, ამ ქანის შესახებ მეტი არაფრის შესწავლა არ შეგვიძლია. მისი კვლევისას, პერსევერანსმა თავის ინსტრუმენტთა მარაგი ამოწურა. თუმცა, მილის მსგავს კონტეინერში ასევე აიღო ნიმუშები, რომელიც იქვე დააგდო და ელოდება იმ დროს, როცა იქ სპეციალური მისია ჩავა და მას დედამიწაზე ჩამოიტანს.
„ჩევაია-ფოლსი ყველაზე თავსატეხი, კომპლექსური და პოტენციურად მნიშვნელოვანი ქვაა, პერსევერანსის მიერ ამ დრომდე შესწავლილთა შორის“, — ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოქიმიკოსი კენ ფარლი.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.