მარსმავალმა Curiosity-მ ქვას გადაუარა, რომელიც გასკდა და შიგნიდან გოგირდის კრისტალები გადმოიყარა — #1tvმეცნიერება
მარსმავალმა Curiosity-მ ქვას გადაუარა, რომელიც გასკდა და შიგნიდან გოგირდის კრისტალები გადმოიყარა — #1tvმეცნიერება

მარსმავალმა Curiosity-მ შემთხვევით ერთ არაფრით გამორჩეულ ქვას გადაუარა, რომელიც გასკდა და ნამდვილი ყვითელი განძი გადმოყარა.

როდესაც მავალის 899-კილოგრამიანმა ძარამ ქვას გადაუარა, ქვა დაიმსხვრა და შიგნიდან გოგირდის ყვითელი კრისტალები გადმოიყარა. მიუხედავად იმისა, რომ მარსზე სულფატები საკმაოდ გავრცელებულია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა წითელ პლანეტაზე გოგირდი წმინდა ელემენტის ფორმით დააფიქსირეს.

კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ გედიზ-ვალისის არხი, სადაც Curiosity-მ ქვა იპოვა, სავსეა ქვებით, რომლებიც ძლიერ ჰგავს იმ ქვას, რომელსაც მან გადაუარა და გოგირდის კრისტალები გადმოიყარა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ელემენტური გოგირდი ზოგიერთ ადგილას უხვად უნდა იყოს.

„სუფთა გოგირდით სავსე ქვების მინდვრის პოვნა უდაბნოში ოაზისის პოვნას ჰგავს. ის იქ არ უნდა იყოს და ახლა ამის ახსნა მოგვიწევს. უცნაური და მოულოდნელი საგნების აღმოჩენა ამ პლანეტის კვლევას კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის“, — ამბობს Curiosity-ის პროექტის მეცნიერი NASA-ს რეაქტიულ ძრავათა ლაბორატორიიდან, აშუინ ვასავადა.

სულფატები არის მარილები, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როცა გოგირდი, ძირითადად ნაერთის ფორმით, წყალში სხვა მინერალებს ერევა. როცა წყალი ორთქლდება, მინერალები ერთმანეთს ერევა და შრება, შედეგად კი რჩევა სულფატები.

ამ სულფატ მინერალებს მარსის შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგალითად, წყლის ისტორიის შესახებ, ასევე ისიც, თუ როგორ გაქრა ის დროთა განმავლობაში.

მეორე მხრივ, სუფთა გოგირდი მხოლოდ ძალიან შეზღუდულ გარემო პირობებში წარმოიქმნება; საინტერესოა, რომ მარსის იმ რეგიონში, რომელშიც Curiosity-მ ის აღმოაჩინა, ასეთი გარემო პირობების არსებობის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ მარსის გეოლოგიური ისტორიის შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ მარსის ზედაპირზე სუფთა გოგირდის აღმოჩენა მიუთითებს, რომ იქ რაღაც დიდი იმალება, რის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით.

გოგირდი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რადგან გადამწყვეტია სიცოცხლისთვის. ის ძირითადად სულფატების ფორმით გვხვდება და გამოიყენება იმ ორი გადამწყვეტი ამინომჟავის წარმოსაქმნელად, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს ცილების წარმოებისთვის ესაჭიროებათ.

გამომდინარე იქიდან, რომ მარსზე სულფატების არსებობის შესახებ უკვე გარკვეული ხანია ვიცით, აღმოჩენა ამ მიმართულებით ახალს არაფერს გვეუბნება. მარსზე ჯერ არ გვიპოვია სიცოცხლის არანაირი ნიშანი, მაგრამ ვაგრძელებთ იმ ნარჩენთა პოვნას, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს უნდა ადგებოდეს, მათ შორის ქიმიურ ნივთიერებებს, წყალს და წარსულის სასიცოცხლო გარემო პირობებს.

დედამიწიდან მარსზე წვდომა საკმაოდ შეზღუდულია. მართალია, Curiosity-ს ინსტრუმენტებმა გოგირდის ანალიზი და ამოცნობა შეძლეს, მაგრამ ის რომ ამ მარშრუტით არ წასულიყო და ამ ქვაზე არ გადაევლო, შეიძლება ეს ელემენტი ვერც აღმოგვეჩინა.

შემდეგი ნაბიჯი იმის განსაზღვრა იქნება, ზუსტად როგორ წარმოიქმნა იქ გოგირდი. ამას უფრო მეტი მუშაობა დასჭირდება, შესაძლოა, მარსის გეოლოგიური ევოლუციის დეტალური მოდელირებაც.

ამასობაში, Curiosity ადგილზე მონაცემთა შეგროვებას აგრძელებს. გედიზ-ვალისის არხი მდიდარია მარსის ისტორიით; ერთ დროს იქ წყალი გაედინებოდა და იქ დღეს შემორჩენილი ქვები მილიარდობით წლის წინ მათზე მიმავალი უძველესი მდინარის კვალს ინახავს.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.