მარსის თავზე უცნაური თეთრი ღრუბელი წარმოიქმნა
მარსის თავზე უცნაური თეთრი ღრუბელი წარმოიქმნა

მარსის ეკვატორთან მდებარე დიდი ხნის წინ ჩამქრალი ვულკანის თავზე, თეთრი, ფუმფულა ღრუბელი გადაიჭიმა.

ერთი შეხედვით ის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილ კვამლს ჰგავს, მაგრამ მარსს ცივი, მკვდარი ბირთვი აქვს და ეს შეუძლებელია. საინტერესოა, რა ხდება?

მეცნიერებს პასუხი აქვთ, რადგან მსგავსი ღრუბელი მარსზე წარსულშიც აქვთ ნანახი.

1500 კმ სიგრძის ორთქლის ზოლი მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა Mars Express-მა 13 სექტემბერს გადაიღო.

მას შემდეგ ზოლი გაიზარდა, იცვლება ამინდის შესაბამისად და უკვე ისე გრძლად გადაიჭიმა, რომ ტელესკოპები დედამიწიდანაც ხედავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისე ჩანს, თითქის ის ვულკანის მწვერვალიდან იყოს ამოსული, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევართა განცხადებით, ეს შეუძლებელია, რადგან მარსზე ვულკანური აქტივობა მილიონობით წლის წინ შეწყდა.

მართალია, ღრუბელი ვულკანური წარმოშობის არ არის, მაგრამ დამნაშავე მაინც არსიას მთაა.

ამ ფენომენს მეტეოროლოგები ოროგრაფიულ ღრუბელს უწოდებენ.

როგორც წესი, ისინი მთის კალთების გვერდით ჩნდება. წარმოიქმნება მაშინ, როცა ზედაპირთან გაწოლილი მკვრივი აირი მაღლა მიემართება და ფართოვდება, შემდეგ კი იმდენად ცივდება, რომ მასში არსებული ტენი კონდენსირდება.

არსიას მთის თავზე მსგავსი ღრუბლები წლის განმავლობაში ხშირად წარმოიქმნება, მაგრამ ქრება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მზებუდობამდე რამდნიმე თვით ადრე.

წყლის ყინულის ღრუბლები არსიას მთის თავზე ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, შესაბამის სეზონზე და გარემო პირობებში წარმოიქმნება. Mars Express-მა მსგავსი ფოტოები 2009, 2012 და 2015 წლებშიც გადაიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, მარსს ქვიშის შტორმმა გადაუარა, რომელმაც NASA-ს მავალი Opportunity იმსხვერპლა.