მარსზე თხევადი წყლის ოკეანეები იმალება, მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ეს წყალი სინამდვილეში მარსშია, ზედაპირიდან იმდენად ღრმად, რომ ჩვენთვის მიუწვდომელია.
ეს ყველაფერი ცნობილი ხდება მარსზე გაგზავნილი სტატიკური ზონდის, InSight-ის მიერ შეგროვებული სეისმური მონაცემების ანალიზის შემდეგ; ამ მონაცემთა საუკეთესო ახსნა სწორედ თხევადი წყლის უზარმაზარი რეზერვუარებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს წყალი ჩვენთვის მიუწვდომელია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენი მშრალი, მტვრიანი, უსიცოცხლო მეზობლის ერთ დროს წყლიანი წარსულის ისტორიის კვლევაში.
„მარსის წყლის ციკლის გარკვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის, ზედაპირისა და წიაღის ევოლუციის შესასწავლად. ამოსავალი წერტილია იმის დადგენა, სადაა ეს წყალი და რამდენია“, — ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ვაშან რაიტი.
მაშინ, როცა მავალები მარსის ზედაპირზე დაეხეტებიან და აგროვებენ მონაცემებს ზედაპირის გეოლოგიის შესახებ, სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ერთ დროს, წითელ პლანეტაზე ბევრი წყალი იყო. მინერალები, ლანდშაფტი, უძველესი დამშრალი ტბები და მდინარის დელტები მიუთითებს, რომ ერთ დროს მარსი საკმაოდ წყლიანი იყო.
დღეს წყალი მარსის ზედაპირზეც არის და ზედაპირიდან ოდნავ სიღრმეშიც, მაგრამ მხოლოდ ყინულის ფორმაში, მაგრამ რაოდენობით ახლოსაც არაა იმასთან, რაც იქ ერთ დროს უნდა ყოფილიყო. მარსის წყლის ისტორიის უკეთესად გასარკვევად, იმის ცოდნა, თუ სად წავიდა ეს წყალი, გადამწყვეტია, რათა გავიგოთ, რამდენი წყალი უნდა ყოფილიყო წითელ პლანეტაზე მილიარდობით წლის წინ.
არსებობს ორი გზა, რომლითაც შეიძლება წყალი გამქრალიყო: კოსმოსში აორთქლდა ან წიაღში შთაინთქა — დაგროვდა ყინულოვანი დეპოზიტების ან თხევადი რეზერვუარების სახით. შეუძლებელია გავზომოთ, რამდენი წყალი აორთქლდა კოსმოსში, მაგრამ უკვე გვაქვს საკმარისი მონაცემები, რათა მარსის წიაღი შევისწავლოთ.
ეს NASA-ს ხომალდ InSight-ის წყალობით გახდა შესაძლებელი. ზონდი უკვე უმოქმედოა, მაგრამ ის მარსზე 2018 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე ოპერირებდა და აკვირდებოდა წიაღიდან წამოსულ რხევებსა და ბიძგებს.
პლანეტის წიაღში მიმდინარე სეისმური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი აკუსტიკური ტალღები იცვლებიან იმ მასალების შემადგენლობისა და სიმკვრივის მიხედვით, რომლებშიც გზად გაივლიან. სეისმური ტალღების ქცევის მონაცემთა ანალიზის შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, რა შეიძლება იყოს ეს მასალები.
მკვლევრებმა იმის იდენტური გეოფიზიკური მოდელი გამოიყენეს, რომელსაც დედამიწაზე იყენებენ მიწისქვეშა წყლოვანი ფენებისა და ნავთობის ველების რუკაზე დასატანად; ამ მოდელით მოახდინეს InSight-ის მიერ მარსზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზი. შედეგად კი დაადგინეს, რომ მონაცემები საუკეთესოდ აიხსნება მარსის ზედაპირიდან ძალიან ღრმად დაბზარული ვულკანური ქანის არსებობით, მაგალითად, გრანიტის, რომლის ნაპრალებიც თხევადი წყლითაა ამოვსებული.
ეს ფენა დაახლოებით 11,5 – 20 კმ სიღრმეშია განთავსებული და შესაბამისად, ადამიანთათვის მიუწვდომელია. თუმცა, ის არა მხოლოდ ახალ ხელსაწყოს გვაწვდის მარსის წყლის ციკლის შესასწავლად, არამედ ასევე მიუთითებს, რომ მარსმა ბევრი წყალი შეინარჩუნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წითელი პლანეტის გარემოს წარსულშიც ჰქონდა და ახლაც აქვს სიცოცხლის პოტენციალი.
„იმის დადგენა, რომ მარსის ქვეშ თხევადი წყლის დიდი რეზერვუარია, გარკვეულ ცნობებს გვაწვდის, როგორი შეიძლება ყოფილიყო იქ კლიმატი. წყალი აუცილებელია სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის. ვერ წარმომიდგენია, რატომ არ შეიძლება მიწისქვეშა წყალი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო არ იყოს. დედამიწაზე ნამდვილად ასეა — ძალიან ღრმა მაღაროებში სიცოცხლე ყვავის, ასეა ოკეანის ფსკერზეც. მარსზე სიცოცხლის რაიმე მტკიცებულება ჯერ არ გვიპოვია, მაგრამ სულ მცირე, მივაგენით ადგილს, სადაც პრინციპში შესაძლებელი უნდა იყოს სიცოცხლე“, — ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი მაიკლ მანგა.
მარსზე წყალი უკვე მრავალჯერ დააფიქსირეს. შემდეგ გაჩნდა სერიოზული კითხვები იმის შესახებ, რომ ზედაპირქვეშ შეიძლება წყლის რეზერვუარები იმალებოდეს. InSight-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ ზონდის მიმდებარედ, ქერქის ზედა ფენაში, არც ისე ბევრი წყლის ყინულია.
თუმცა, თუკი სიღრმეში ახლა დაფიქსირებული წყლით მდიდარი ფენა მთელ მარსს აკრავს გარშემო, ეს წყალი საკმარისი იქნებოდა უძველეს ოკეანეთა შესავსებად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღმოჩენა ჯერ ბოლომდე დამტკიცებული არ არის. იმისათვის, რათა ზუსტად გავიგოთ, თუ რას მალავს მარსი მტვრიან ზედაპირს მიღმა, საჭიროა მისი ქერქის კიდევ უფრო მეტი დაკვირვება და ანალიზი.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.