მარსის ატმოსფეროს ზედა ნაწილში ასტრონომებმა დააფიქსირეს ფენომენი, რომელზეც ათწლეულები ნადირობდნენ — მკრთალი მწვანე ნათება, რომელსაც იწვევს ზედა ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის ურთიერთქმედება მზის სინათლესთან.
აქამდე ეს ნათება მხოლოდ ერთ ადგილას იყო დაფიქსირებული — დედამიწის ცაში. მარსის ატმოსფეროში მისი აღმოჩენა დაგვეხმარება ატმოსფერული ნათების წარმმართველი პროცესების შესწავლაში, როგორც დედამიწის, ისე სხვა პლანეტური სხეულების შემთხვევაში.
„დედამიწაზე შემჩნეული ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გამოსხივება მომდინარეობს ღამის ნათებისგან; უფრო კონკრეტულად, ჟანგბადის ატომები გამოყოფენ კონკრეტულ ტალღის სიგრძეს, რომელიც სხვა პლანეტის გარშემო არასოდეს შეგვინიშნავს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბელგიის ქალაქ ლიეჟის უნივერსიტეტის ასტრონომი ჟან-კლოდ ჟერარი.
მისი თქმით, მარსზე ამ ფენომენის არსებობა 40 წლის წინ იწინასწარმეტყველეს და როგორც იქნა, ის ახლაღა დააფიქსირა წითელი პლანეტის გარშემო მოძრავმა ხომალდმა, „ეგზომარსმა“.
დედამიწის ცა სრულიად ბნელი არასოდესაა, ღამითაც კი, იმ შემთხვევაშიც, თუ არ იქნება სინათლით დაბინძურება, ვარსკვლავების სინათლე და მზის მიმოფანტული ნათება. ატმოსფეროში არსებული მოლეკულები მუდმივად განიცდიან სხვადასხვა პროცესებს, რომლებიც ტალღის სხვადასხვა სიგრძეში მათ მკრთალ ნათებას იწვევს.
ნათება არ განსხვავდება ციალისგან, რადგან წარმოქმნილია იგივე ნაწილაკებისგან, მაგრამ არის გაცილებით სუსტი და სხვანაირია მის მისი წარმომქმნელი მექანიზმებიც. პოლარულ ციალს წარმოქმნის მზის ქარის დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც აიონიზებს ატმოსფერულ ატომებს და ამ გზით ცაში ჩნდება „მოცეკვავე“ სინათლე.
მეორე მხრივ, ატმოსფერული ნათება გამოწვეულია მზის სინათლისა და ატმოსფეროს ურთიერთქმედებით, იყოფა ორ კატეგორიად. არსებობს ატმოსფერული ნათება ღამითაც; ის ხდება მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში მზის რადიაციის მიერ დაშლილი ატომები ხელახლა ერთიანდება და ნამატ ენერგიას ფოტონების სახით გამოყოფენ. ღამის ატმოსფერული ნათება წარსულში შემჩნეულია ვენერაზე, მარსსა და დედამიწაზე.
ასტრონომები ამჯერად მარსის ატმოსფეროს დღისით ნათებას დააკვირდნენ — საკმაოდ ძნელად დასაფიქსირებელ ფენომენს, რადგან მისი მკრთალი ნათება ძირითადად მზის დღის სინათლით არის გადანათებული.
დედამიწაზე ის მაშინ ხდება, როცა ატმოსფეროში არსებული მოლეკულები მზის სინათლეს შთანთქავენ, რის შედეგადაც, ნამატ ენერგიას რადიაციის ფორმით იგივე ან ოდნავ დაბალ სიხშირეში გამოყოფენ, რაშიც შთანთქმული სინათლე.
ატმოსფერული ნათება კარგად ჩანს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწისთვის გადაღებულ ფოტოებზე, როდესაც კამერა ატმოსფეროს თავზეა დამიზნებული და არა დაბლა.
წითელ პლანეტაზე ატმოსფეროს დღისით ნათება პირველად 1979 წელს ივარაუდეს, მაგრამ მარსის გარშემო მოძრავი თანამგზავრები მას ვერ აფიქსირებდნენ, რადგან კამერები მარსის ზედაპირისკენ ჰქონდათ მიმართული.
გამომდინარე აქედან, ამ საკითხის გასარკვევად მეცნიერებმა „ეგზომარსის“ ორი ინსტრუმენტი, Nadir-ი და NOMAD-ი შეაბრუნეს და პირდაპირ მარსის ჰორიზონტის გასწვრივ მიმართეს. ამ პოზიციიდან მათ მარსის ატმოსფეროზე, ზედაპირიდან 20-400 კმ სიმაღლეებზე რამდენიმე დაკვირვება განახორციელეს.
როდესაც მონაცემები დაამუშავეს, დღის მხარეს განხორციელებულ დაკვირვებებში მწვანე ნათება აღმოაჩინეს როგორც ოპტიკურ, ისე ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში.
მკვლევართა განცხადებით, გამოსხივება ყველაზე ძლიერი იყო დაახლოებით 80 კმ სიმაღლეზე და იცვლებოდა მზესა და მარსს შორის მანძილის ცვლილების შესაბამისად.
როდესაც ჯგუფმა ამ გამოსხივების მიღმა მდგარი პროცესის მოდელირება მოახდინა, აღმოაჩინეს, რომ მას წარმოქმნის პროცესი, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწაზე ატმოსფერული ნათების წარმომქმნელს. როცა მზის რადიაცია მარსის ატმოსფეროს ურტყამს, ნახშირორჟანგს ნახშირჟანგად და ჟანგბადად შლის. მწვანე ნათებას სწორედ ჟანგბადის ატომები იწვევს.
თუმცა, იყო კიდევ ერთი საინტერესო რაღაც. გამოსხივების ხილული ტალღის სიგრძე 16,5-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მისი ულტრაიისფერი ტალღის სიგრძე.
ჟერარის განცხადებით, მარსზე ჩატარებული დაკვირვებები ადასტურებს წინა თეორიულ მოდელებს, მაგრამ არა დედამიწის გარშემო შემჩნეული ნათებით, სადაც მისი ხილული გამოსხივება გაცილებით სუსტია.
მისივე თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ჟანგბადის ატომთა ქცევის შესახებ, რასაც უზარმაზარი მნიშნვნელობა აქვს ატომური და კვანტური ფიზიკისათვის.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.