საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ მარსი და დედამიწა პლანეტებად ადრეული მზის სისტემის ერთსა და იმავე რეგიონში ჩამოყალიბდნენ. მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ არის მათი შემადგენლობა ასე განსხვავებული? პასუხი შეიძლება ახალ კვლევას ჰქონდეს.
დახვეწილი კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, უახლესი ჰიპოთეზა გვთავაზობს, რომ მარსი ასტეროიდთა სარტყელში დაიბადა და გაიზარდა, ჩვენს სამეზობლოში კი შემდეგ გადმოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეის უკან მდგომი მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი აღიარებს, რომ ეს შესაძლებლობა უკიდურესი, უკანასკნელია — ეს მაინც შესაძლებელია და კარგად მოდის შესაბამისობაში მზის სისტემის მილიარდობით წლის წინ წარმოქმნის კიდევ ერთ ალტერნატიულ ახსნასთან.
„მარსის დაბადებას ასტეროიდთა სარტყელში, ადგილი ჰქონდა პლანეტის ძალიან ადრეულ ისტორიაში, გაცილებით ადრე, სანამ ქერქი დასტაბილურდებოდა და ატმოსფერო წარმოიქმნებოდა“, — უთხრა Astrobiology Magazine-ს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, კოლორადოს უნივერსიტეტის გეოლოგმა სტივენ მოჯზსისმა.
მარსის მასა დედამიწის მასის მხოლოდ 11 პროცენტია და შედგება მასალებისგან, რომლებიც მას უფრო მეტეორიტის მსგავსს ხდის, ვიდრე ჩვენი პლანეტის კლონს.
წითელი პლანეტის ბირთვში წარმოდგენილია უფრო მსუბუქი სილიკატები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის უფრო განსხვავებულ პირობებში გამოიჭედა, ვიდრე დედამიწა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მკვლევრებმა ჩაატარეს სამყაროს ფორმაციის მოდელები, რასაც მოაყოლოეს დიდი ჩაჭედების ჰიპოთეზა — იდეა, რომლის მიხედვითაც, იუპიტერი პირდაპირ მზისკენ მიიწევდა, მაგრამ სატურნის გრავიტაციამ კვლავ უკან გადაათრია, ზუსტად ისე, როგორც აფრებიან ნავს მიათრევს ქარი.
როგორც მოდელებმა აჩვენა, მარსი უნდა წარმოქმნილიყო თავისი ამჟამინდელი ადგილიდან ერთ-ნახევარჯერ უფრო შორს მზისგან, რის გამოც ვერ მიიღო იმ მასის მასალა, რაც დედამიწამ შეიძინა იუპიტერის უზარმაზარი გრავიტაციის წყალობით.
მკვლევართა თქმით, გარდა მობზღრიალე კოსმოსური ნარჩენების შემოკრებისა, იუპიტერმა შესაძლოა ასევე მისწია მარსიც თავის ამჟამინდელ ადგილას, ჩვენს მეზობლად.
ამის ერთ-ერთი შედეგი უნდა ყოფილიყო მარსის იმაზე უფრო ცივი სიყმაწვილე, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ, მაგრამ აღნიშნული კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ასტეროიდთა ბომბარდირებას გარკვეული როლი უნდა ეთამაშა უფრო ნოტიო, თბილი პერიოდების წარმოქმნაშიც.
მზის სისტემის წარმოქმნის ამბავი მომაჯადოებელ საიდუმლოდ რჩება, მაგრამ ჩვენ თანდათან უფრო და უფრო ბევრს ვსწავლობთ პლანეტათა წარმოქმნისა და ჩვენის მსგავსი სისტემების გაჩენის შესახებ. ეს ახალი კვლევა შეიძლება „ფაზლის“ ღირებული ნაწილი აღმოჩნდეს.
მაგრამ მანამ მზის სისტემის ფორმაციის შესახებ ამჟამად არსებულ ყველანაირ ლიტერატურას მოვისროდეთ, მოდელების უმრავლესობა აჩვენებს, რომ მარსისა და დედამიწის ერთმანეთის სიახლოვეს წარმოქმნა ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარია. ასტეროიდთა სარტყელში დაბადების მოსაზრების ალბათობა 2%-ია.
თუმცა, ის კარგად ხსნის მარსის განსხვავებულ შემადგენლობას. დინამიკურ სამყაროში დაუჯერებელი მოვლენები საკმაოდ ხშირია, რასაც კარგად გეტყოდნენ დინოზავრებიც, ეს რომ შეეძლოთ.
„დაბალი ალბათობა ნიშნავს ერთ რამეს ორიდან: რომ არ გვაქვს უკეთესი ფიზიკური მექანიზმი მარსის ფორმაციის ახსნისთვის, ანდაც შესაძლებლობათა უზარმაზარ გროვაში შევჩერდით ერთ-ერთზე, რომელიც შედარებით უიშვიათესია“, — ამბობს მოჯზსისი.
„საკმარისი დროიდან გამომდინარე, შეგვიძლია ველოდოთ ასეთ მოვლენებს. მაგალითად, საბოლოოდ აუცილებლად დასვამთ ორმაგ ექვსიანს, თუ კამათლებს საკმარისად ბევრჯერ გააგორებთ. ჩვენი სიმულაციებიდან მიღებული მარსის ფორმაციის ალბათობა 1/36-ია“.
კვლევა ჟურნალ Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია astrobio.net-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით