მარკ რუტე - თურქეთს, ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირეს, „ბრიქსის“ პარტნიორებთან თანამშრომლობის სუვერენული უფლება აქვს
თურქეთს, ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირეს, „ბრიქსის“ პარტნიორებთან თანამშრომლობის სუვერენული უფლება აქვს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მას ნატო-ში ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი სამხედრო ძალები ჰყავს. ის სასიცოცხლო როლს ასრულებს და სუვერენული უფლება აქვს, იმუშაოს „ბრიქსის“ პარტნიორებთან“, – განაცხადა მარკ რუტემ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში.
როგორც რუტემ აღნიშნა, კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ თურქეთი, მრავალი წელია, ალიანსის განუყოფელი ნაწილია.
რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩინეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ჩავიდნენ. „ბრიქსის“ სამიტს ასევე ესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად რუსეთში გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც ჩავიდა.