მარკ რუტე - შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე საქართველოს საკითხი მოკლედ განვიხილოთ, ვიმედოვნებთ, ქვეყანა დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე აცხადებს, რომ შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე საქართველოს საკითხი მოკლედ განიხილონ. ამის შესახებ მან ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც რუტემ აღნიშნა, ღელავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო.
„შესაძლოა, საქართველოს საკითხი დღეს მოკლედ განვიხილოთ, მაგრამ მე ვღელავ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მე ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ჩვენ ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ყველაფერი ახლა თქვენზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა მარკ რუტემ.