მარკ ცუკერბერგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტისთვის მიწერილ წერილში ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
კომპანია „მეტას“ ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ნანობს, რომ უფრო ღიად არ საუბრობდა „მთავრობის ზეწოლაზე“, წაეშალა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული მასალები. ამის შესახებ ცუკერბერგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის მიწერილ წერილში საუბრობს.
წერილს კომიტეტი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
„მარკ ცუკერბერგმა ახლახან აღიარა სამი რამ: 1. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ზეწოლას ახორციელებდა „ფეისბუქზე“ ამერიკელების ცენზურისთვის; 2. „ფეისბუქი“ აცენზურებდა ამერიკელებს; 3. „ფეისბუქმა“ ჩაახშო ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქის ამბავი. დიდი გამარჯვება სიტყვის თავისუფლებისთვის“, – ნათქვამია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოსტში, რომელიც თან ახლავს ცუკერბერგის წერილს.
წერილში მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები არაერთხელ ახორციელებდნენ „მეტაზე“ ზეწოლას 2021 წელს კონტენტის „ცენზურის“ მიზნით.
„მჯერა, მთავრობის ზეწოლა არასწორი იყო და ვნანობ, რომ უფრო ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე არჩევანი, რომლებსაც, ამ გადმოსახედიდან და ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით, დღეს არ გავაკეთებდით. როგორც ჩემს გუნდს მაშინ ვუთხარი, მტკიცედ მჯერა, რომ ზეწოლის გამო არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე ჩვენი კონტენტის სტანდარტებთან. მზად ვართ, წინააღმდეგობა გავუწიოთ, თუ რამე მსგავსი კვლავ მოხდება“, – აღნიშნავს მარკ ცუკერბერგი კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის სახელზე მიწერილ წერილში.
ამასთან, „მეტას“ აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახის მიმართ კორუფციული ბრალდებების შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ პოსტის“ სტატიაზე წვდომა კომპანიას არ უნდა შეემცირებინა, ვიდრე ფაქტების გადამამოწმებელი ჯგუფების მიერ მისი შესწავლა მიმდინარეობდა. ცუკერბერგის ინფორმაციით, მას შემდეგ სოციალური მედიის კომპანიამ შეცვალა თავისი პოლიტიკა და პროცედურები. განახლებული წესებით, მასალის რეიტინგის შემცირება აღარ ხდება ფაქტების გადამოწმების მიმდინარეობისას.
წერილში მარკ ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ამ არჩევნებზე შენატანის გაკეთებას არ აპირებს, როგორც ეს 2020 წლის არჩევნებზე გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ ანალიზი, რომელიც ვნახე, საპირისპიროს აჩვენებს, ვიცი, ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ეს სამუშაო სარგებლის მომტანია ერთი პარტიისთვის, მეორესთან შედარებით. ჩემი მიზანია, ვიყო ნეიტრალური და არ შევასრულო როლი ამა თუ იმ გზით“, – ნათქვამია წერილში.