მარკ ცუკერბერგი - არ მგონია, რომ „ფეისბუქი“ ან ინტერნეტ პლატფორმები ზოგადად, ჭეშმარიტების არბიტრები უნდა იყვნენ
კომპანია „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ინტერნეტ პლატფორმები, მათ შორის „ფეისბუქი“, ჭეშმარიტების არბიტრები არ უნდა იყვნენ. ამის შესახებ ცუკერბერგმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტმა „ფეისბუქის“ დამფუძნებელს შეკითხვა „ტვიტერის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუსვა, რომელმაც ინტერნეტ მომხმარებლებს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებისკენ მოუწოდა.
„თქვენ იცით, ჩვენ განსხვავებული კომპანიები ვართ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც მე სწორ მიდგომად მივიჩნევ. არ მგონია, რომ „ფეისბუქი“ ან ინტერნეტ პლატფორმები ზოგადად, ჭეშმარიტების არბიტრები უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი სახიფათო ხაზი, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას, რა არის სიმართლე და რა – არა. ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებები დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ნაწილია. ხალხს უნდა შეეძლოს, ნახოს, თუ რას ამბობენ პოლიტიკოსები“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
ცუკერბერგის ეს განცხადება მწვავედ გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა, რომელმაც მას „სამარცხვინო“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სოციალური ქსელების რეგულირებას ისახავს მიზნად. დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის მისამართით კრიტიკა მას შემდეგ გაამწვავა, რაც კომპანია „ტვიტერმა“ მის ორ პოსტზე სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანი განათავსა, რითაც მკითხველს ფაქტების გადამოწმებისკენ მოუწოდა.