მარჯანიშვილის თეატრში, 8-12 ივნისს სპექტაკლ „სახიფათო კავშირების“ პრემიერა გაიმართება
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მორიგ საპრემიერო სამზადისშია.
“სახიფათო კავშირები” ასე ქვია შოდერლო დე ლაკლოს ნაწარმოების მიხედვით შექმნილ წარმოდგენას, რომლის თარგმანი და ინსცენირება მაია ჯაფარიძესა და ციცინო კობიაშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ციცინო კობიაშვილია.მხატვრულ გაფორმებაზე ლევან წულაძემ იზრუნა, კოსტიუმების მხატვარი ოლიკო ბერაძეა.
წარმოდგენაში შესულია ქორეოგრაფიული და ფარიკაობის ელემენტები რომლის სასცენო ვერსია ბაქარ ხინთიბიძეს ეკუთვნის.
მე-18 საუკუნის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, პიერ ამბრუაზ შოდერლო დე ლაკლოს რომანმა „სახიფათო კავშირები“ მსოფლიო აღიარება და სკანდალური სახელი მოიპოვა. რომანი ღრმა და მახვილი სატირაა იმდროინდელი არისტოკრატიის ცხოვრების წესზე. ნაწარმოების მიხედვით, პიესა ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, სცენარისტმა და რეჟისორმა კრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა. ადაპტირებული სცენარის მიხედვით ფილმი „სახიფათო კავშირები“ ბევრმა ცნობილმა რეჟისორმა გადაიღო. საქართველოში კი მსოფლიო თეატრალურ სცენებზე არაერთხელ დადგმული სპექტაკლი პირველად იქნება წარმოდგენილი.
პიესა შოდერლო დე ლაკლოს ნაწარმოების, „სახიფათო კავშირების“ მიხედვით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების ფონდის მიერ დაარსებული „თარგმნილი პიესის“ კონკურისის 2018 წლის გამარჯვებულია.
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 8 ,9 და 12 ივნისს გაიმართება.