მარიტა მუსელიანი - საკითხავია, მართლა გადმოკეცეს თუ არა აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირის გვერდი, მოწოდება არ ყოფილა კიდეების გადმოკეცვა, ჩვენ თვალწინ ეს არ მომხდარა
საკითხავია, მართლა გადმოკეცეს თუ არა აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირის გვერდი, ჩვენი მოწოდება არ ყოფილა კიდეების გადმოკეცვა, ჩვენ თვალწინ ეს არ მომხდარა, – ასე გამოეხმაურა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი შსს-ს მიერ, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
„ცოტა ხნის წინ გავეცანი განცხადებას და გვედავებიან ორ ადგილას ჯებირის კუთხის გადაკეცვას. რაღაც რეაგირება რომ მოეხდინა შსს-ს და სახე არ დაეკარგა, ამას მივაწერე. ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ პასუხს. ჯებირი, რომელიც საერთოდ არ შეიძლება, აქ იდგეს, შეუძლებლად მეჩვენება, ვინმეს შეედავო მისი კიდის გადაკეცვაზე. ეს ცოტა აბსურდულად მეჩვენება. კიდევ ერთი ეჭვი მაქვს და საკითხავია, მართლა გადმოკეცეს თუ არა აქციის მონაწილეებმა ეს გვერდი, რადგან ჩვენ ამ პროცესს ვესწრებოდით და იმ დროის განმავლობაში ჯებირზე ხელების ბრახუნი იყო, ჩვენი მოწოდება არ იყო კიდეების გადმოკეცვა, ჩვენ თვალწინ ეს არ გადმოკეცილა. ამას ბევრი ადამიანი ვესწრებოდით. გამოძიების საგანიც ეს არის და მართლაც საინტერესოა, აქციის მონაწილემ გადმოკეცა ნამდვილად, თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საერთოდ აბსურდია, ვინმე გვედავებოდეს ისეთი ჯებირის დაზიანებაში, რომელიც საერთოდ არ შეიძლება, არსებობდეს ბუნებაში.
შეიძლება მოხდა ისე, რომ ვიღაცამ ჯოხი დაარტყა. მეც შევესწარი იმას, რომ ფეხი მოარტყეს, რაზეც მიუთითეს, რომ ფეხი არა, ხელი მიარტყიო. ხმაური კედელზე გასაგებია, ახლა, თავს ვიმართლებ, ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ ამაზე პასუხი საერთოდ აბსურდია, მაგრამ იყოს ასე. თუმცა, კიდის გადმოკეცვა ჯოხის ტარის დარტყმით არ მოხდება. მართლა საინტერესოა, ვინ კეცავდა ამას, თუ ვინმემ გადაკეცა, ჩემთვისაც საინტერესოა, ყურადღებით ვიყო იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ ითვალისწინებს ჩვენს მითითებებს. გამოკითხვებთან დაკავშირებით კი, ჯერ არაფერი ვიცი“, – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დღეს დაიწყო.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სამართალდამცველების მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებს გუშინ ხელებს ურტყამდნენ.