მარინე ჩიტაშვილი - მურუსიძე ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელიც ხელს ყველაფერზე მოაწერს და წყნარი სინდისით დაიძინებს იმის კვალობაზე, რომ კანონი აღასრულა
მურუსიძე ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელსაც რასაც დაავალებენ, ანუ ქაღალდზე რაც ეწერება, ხელს ყველაფერზე მოაწერს და წყნარი სინდისით დაიძინებს იმის კვალობაზე, რომ მან კანონი აღასრულა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„მთელი პრობლემა ეს არის, რომ ამ ქვეყანაში საბჭოთა სამართლის მემკვიდრეობა ვერ შეიცვალა. საბჭოთა სამართალი არის დაწერილი და საბჭოთა სამართლის მემკვიდრეობა ვერ შეიცვალა. ვგულისხმობ ღირებულებითი გაგების, ანუ ორიენტაციის თვალსაზრისით. ხშირად მოისმენთ ასეთ რაღაცას – იცით რა, აქ არ წერია, რომ ეს ქაღალდი თეთრია და მე ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ არსებობს საღი აზრი და უნივერსალური სამართლიანობის პრინციპი“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.
მისი თქმით, არასწორია შეფასების სისტემა – ვინ ვისი კაცია.
„მედიაში წავიკითხე, რომ მურუსიძე აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ შეფასების სისტემა პროფესიონალიზმი იქნება, ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ უვადო მოსამართლედ ვერანაირად ვერ უნდა დაინიშნოს ის ადამიანი, რომელთან მიმართებაშიც სტრასბურგის სასამართლომ დასკვნა გვითხრა“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.
როგორც მარინე ჩიტაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა განზომილება – სისტემის მსხვერპლი, მაგრამ სისტემის მსხვერპლი ეწოდება განადგურებულ ადამიანს და არა დაწინაურებულს.
„სისტემის მსხვერპლთან მიმართებაში, ყოველთვის არსებობს პიროვნული განზომილება. მურუსიძეს შეეძლო, ამ საქმის განხილვაზე უარი ეთქვა. ასეთ შემთხვევაში, მის მიმართ მე პირადად, არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, რადგან მას თავისი ღირებულებითი ორიენტაცია აქვს, როგორც მოსამართლეს, ანუ, სამართლის განმახორციელებელს. ეს არის ნორმატული გაგება, თორემ კანონი ფარატინა ქაღალდია. საბჭოთა კავშირში ენ რაოდენობის კანონები იწერებოდა და მოსამართლეები იმას ხელს აწერდნენ, კანონს არ არღვევდნენ, მაგრამ სამართლიანობა დარღვეული იყო“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.
ჩიტაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მურუსიძე, როგორც მეტაფორა და როგორც ეს კონკრეტული ადამიანი, ისეთი ტიპის მოსამართლეებს ეკუთვნის, რომლებისთვისაც სამართალი არ არსებობს.
„მათთვის სამართლიანობის ნორმატული გაგება, ანუ, იდეა არ არსებობს; სამართალი არ არის ადამიანის დაცვა; სამართალი არის ქაღალდზე დაწერილი კონკრეტული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ გაწერილი კანონები, რომელიც მათ აძლევს ძალაუფლების განხორციელების უფლებას, ამ სისტემაში იმუშაოს“, – განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.