მარინა კალიურანდისა და სვენ მიქსერის ერთობლივი განცხადება - ვგმობთ ცხინვალში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებს, ეს უხეშად არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
ვგმობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ვგმობთ 2024 წლის 9 ივნისს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქტიური არჩევნების ორგანიზება უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.