მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ე.წ. კლასტერი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის ახალი წყარო გაჩნდა.
ეზუგბაიას თქმით, გამოკვეთილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ე.წ. კლასტერი. თუმცა, ეზუგბაიას თქმით, მოსახლეობა რეგულაციებს თუ დაემორჩილება, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდება.
„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო რომელიღაც ერთ დიდ კლასტერთან. ახლაც ასეთი ვითარებაა. მინდა, არ გასცილდეს ამ სიტუაციას. ანუ, ჩვენ ახლა გარდაბნის რაიონის ე.წ. კლასტერი გვყავს. საკმაოდ დიდი, ოთხი სოფელია, მათში მცხოვრებთა რაოდენობა 7000-ზე მეტია.
აქედან გამომდინარე, შემთხვევების მატება ალბათ მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო „კოვიდ-19“-თან მიმართებაში. მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ ჩვენ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, არა მგონია, გასცილდეს ამ ახალ კლასტერს.
ახალი კლასტერის პერიოდში ვიდრე მოხდება მთელი მოსახლეობის გამოკვლევა და დადგენა, რამდენია ინფიცირებული, და მათი იზოლირება, საკარანტინო სივრცეებში კვლევის გაგრძელება, არ მგონია, არსებული სიტუაცია ძალიან გაფუჭდეს. არ უნდა გაფუჭდეს, თუ სწორად დავიცავთ რეგულაციებს. ეს არ უნდა იყოს ფიქტიური, ქაღალდზე. ყველა რეგულაცია უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.