მარინა ეზუგბაია - არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა
რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არ ვიცი, ასე მგონია, სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში, არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, გაუგებარია, რატომ ჩნდება ეჭვი მონაცემების გაყალბებაზე, რადგან სტატისტიკური მონაცემების გაყალბება ვერ შეაჩერებს იმ პროცესებს, რაც არის კოვიდდაავადებული პაციენტების მკვეთრი მატება და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ეზუგბაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყველა ჯერზე სწორი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა.
„მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთე – ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად მოვიდნენ პირველ თებერვალს, პირველი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური, თვისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი, ეწეოდნენ ერთობლივად, როგორც ერთი ორგანიზმი, მუშაობას. პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია. ეს ასე არ არის, რადგან გაყალბება ვერასდროს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია კოვიდდაავადებული პაციენტების მატება და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ, რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა. აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას“,- განაცხადა ეზუგბაიამ.