მარინა ეზუგბაია - გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ქვეყანაში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
მარინა ეზუგბაია - გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ქვეყანაში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ეს იყო აგრესიული კვლევა და ასევე გამოკვლეული იყო ბოლნისის ყველა კონტაქტი.

მისივე თქმით, გუშინ დილიდან დღემდე 25 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და გახდა 456 დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც დიდია, ჯამში 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 132 გამოჯანმრთელებული გყვავს. ამ ეტაპზე 323 პაციენტი მკურნალობს კლინიკაში. გუშინდელი დღე იყო ისეთი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით. ეს 25 დადასტურებული ახალი შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. დინამიკაში დავაკვირდებით ყველაფერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 25 პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია ოთხი პაციენტი.

„ახალი პაციენტებიდან ორი მოზარდია. შვიდი მოზარდი გყავდა და კიდევ ორი დაგვემატა და ცხრა გვყავს. მათი მდგომარეობაც არ არის მძიმე. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა ასეთია: ერთ-ერთთან პნევმონია არ არის, მეორესთან არის, მაგრამ საშუალო სიმძიმისაა. დინამიკაში დავაკვირდებით. კრიტიკული პაციენტები ჯერ არ მყავს, მყავს 17 მძიმე პნევმონიით, დანარჩენი საშუალო და მსუბუქი პნევმონიით ან პნევმონიის გარეშე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.