მარინა დარახველიძე - ძალიან ამბიციური მიზნები გვაქვს, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპულ მაჩვენებლებს დავუახლოვოთ
მარინა დარახველიძე - ძალიან ამბიციური მიზნები გვაქვს, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპულ მაჩვენებლებს დავუახლოვოთ

​მდგრადი განვითარების მიზნისთვის, ეს არის გაერო-ს მიზანი 20–30–სთვის ძალიან ამბიციური მიზნები გვაქვს, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ექვსი და ნეონატალური ხუთი, ევროპულ მაჩვენებლებს დავუახლოვოთ​, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ამ პრობლების მოგვარებას განუხრელი მუშაობა სჭირდება.

„ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი გამომწვევი მიზეზები გაანალიზებული გვაქვს, ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ადრეულ ნეონატალურ ასაკში ბავშვთა გარდაცვალება, რაც ბავშვთა სიკვდილიანობის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს და, თავის მხრივ, ამ სიკვდილიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის განვითარების მანკებს და ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს,მცირეწონიან ახალშობილებს, რომელთაც სასიცოცხლო ფუნქციების ბევრი პრობლემა აქვთ. სწორედ აქეთ არის მიმართული ძირითადი ინტერვენციები“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ. 

გადაცემის სტუმარმა კლინიკების დონეებად დაყოფასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. პირველი არხის ჟურნალისტის, მარიამ სეთურიძის შეკითხვაზე, არის თუ არა გათვლილი რისკები, რომელიც შეიძლება რომელიმე რეგიონში სამშობიაროს დახურვამ გამოიწვიოს, ან არის თუ არა განსაზღვრული, მაქსიმუმ, რა მანძილი უნდა იყოს სოფლებიდან უახლოეს სამშობიარომდე, მარინა დარახველიძემ განაცხადა, რომ პროექტის დაგეგმარებისას, საქართველოს მასშტაბით, სრულად მოხდა გადათვლა, თუ რომელ რეგიონში რა სიმძლავრის დაწესებულება იყო რეკომენდებული.

„დაითვალა მოსახლეობის რაოდენობა, გზების კილომეტრაჟი, თუ რამდენ ხანში იქნებოდა უახლოესი კლინიკა მისაწვდომი. რამდენიმე რეგიონში, სადაც მშობიარობათა რაოდენობა ძალიან მცირეა, დარჩენილია პირველი დონის კლინიკები, რომლებიც შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებენ“, – განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

გადაცემის წამყვანმა, მაკა ცინცაძემ სტუმარს აბორტებთან დაკავშირებითაც ჰკითხა. შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა სახელმწიფო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს, საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, და აბორტების რაოდენობა შემცირდეს, მარინა დარახველიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მთავარი გზავნილი ისაა, რომ აბორტის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს.

„აბორტი ოჯახის დაგეგმვის მეთოდი არ არის. ოჯახის დაგეგმვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ერთ–ერთი არის კონტრაცეფცია. ქალის ჯანმრთელობის გაფრთხილება, არასასურველი ორსულობისა და ხელოვნური აბორტების თავიდან აცილება ჩვენი სტრატეგიის ამოცანაა. მოსახლეობის ინფორმირებისთვის საჭიროა, ჩვენს კოლეგა სამინისტროებთან თანამშრომლობა და საინფორმაციო კამპანიების წარმოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეტანა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში – სტუდენტებთან, რომლებიც აქტიურ რეპროდუქციულ ასაკში იმყოფებიან“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე