სიონის საკათედრო ტაძარში მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სიონის საკათედრო ტაძარში აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სიონის ტაძარში ასევე მივიდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მარიკა ლორთქიფანიძის სახით ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს ისტორიის უბადლო მცოდნე, აკადემიკოსი და ძალიან დიდი მეცნიერი დაკარგა.
„უდავოა, რომ ქალბატონი მარიკას პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. მისი სახით ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს ისტორიის უბადლო მცოდნე, აკადემიკოსი და ძალიან დიდი მეცნიერი დაკარგა. მინდა ოჯახის წევრებს და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას მივუსამძიმრო”,- განაცხადა გიორგაძემ.
მარიკა ლორთქიფანიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
აკადემიკოსი 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა.
მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთანჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.
ფოტო: მირიან მელაძე