აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
აკადემიკოსი 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა.
მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთანჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.