თავს არ ვცნობ დამნაშავედ, – ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულმა, მარიანა ჩოლოიანმა მისი საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში დღეს პირველად მივიდა. მანამდე სხდომებზე მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჩოლოიანი სხდომას იმ მოტივით არ ესწრებოდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.