მარიანა ჩოლოიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესს არ ესწრება
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მარიანა ჩოლოიანი ამჯამად კლინიკაში რჩება.
„სამწუხაროდ, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ამიტომ იგი გადაიყვანეს კლინიკაში. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დიაგნოზს, დაცვის მხარე ამ კუთხით სპეკულაციას არ აპირებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება.
ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.