მარიამ ქვრივიშვილმა მეტეხის ხიდთან დაშავებული კორეის მოქალაქე მოინახულა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მეტეხის ხიდთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული კორეის მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა.
„ჩვენ მოვინახულეთ კორეის მოქალაქე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოხარულები ვართ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მრავალგზის დაზიანება და მოტეხილობა. ჩვენ ვესაუბრეთ მას და ბუნებრივია, სამედიცინო გუნდთან ერთად, მონიტორინგს გავუწევთ, რომ მთელი ეს პროცესი იყოს ძალიან სწრაფად წარმართული. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რომ გვერდში დავუდგეთ მისი ოჯახის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოში. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ კომპანიასთან, რომელიც იყო აღნიშნული ტურის ორგანიზატორი, ისევე როგორც საელჩოსთან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მეტეხის ხიდთან 24 ივნისს რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილზე დაიღუპა კორეის მოქალაქე მამაკაცი. კორეის კიდევ ორი მოქალაქე – ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ექიმების ინფორმაციით, კორეის მოქალაქეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.