ექიმების ინფორმაციით, მეტეხის ხიდთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ კორეის მოქალაქეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება
ექიმების ინფორმაციით, მეტეხის ხიდთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ კორეის მოქალაქეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება

მეტეხის ხიდთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ კორეის მოქალაქეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ამის შესახებ „ამტელ ჰოსპიტალში“ განაცხადეს.

„პაციენტი შემოვიდა ტრავმული შოკის დიაგნოზით. აღენიშნება ნეკნების, გულ-მკერდის, წელის მალების მრავლობითი მოტეხილობა, თუმცა ამ ეტაპზე სასწრაფო გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას არ საჭიროებს. ზოგადად, პაციენტს შემდგომში სჭირდება ოპერაციული მკურნალობა ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მიერ“, – განაცხადა კლინიკა „ამტელის“ ემერჯენსის მორიგე ექიმმა ვასილ გოგიტაურმა.

მეტეხის ხიდთან 24 ივნისს რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილზე დაიღუპა კორეის მოქალაქე მამაკაცი. კორეის კიდევ ორი მოქალაქე – ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.