მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ პარიზისა და მიუნხენის რეისებით ჩამოსულ მგზავრთა უმრავლესობა ტურისტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენისა და პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენების აღდგენის შემდეგ საფრანგეთიდან და გერმანიიდან შემოსული მგზავრების უმრავლესობა ტურისტია.
ამის შესახებ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტში მგზავრების უმრავლესობას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და ინფექცია არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
„ორი აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული რეისები ავიაკომპანია „ლუფტანზამ“ განაახლა, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენებს „ეარფრანსი“ განაახლებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიაში პარტნიორი ავიაკომპანიები ბრუნდებიან, რომლებიც რეგულარულ ავიარეისებს განაახლებენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი პოზიტიური ინფორმაცია, რომ გუშინ შესრულდა პარიზი-თბილისის ავიარეისი, ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ტურისტი. მგზავრებმა კარანტინის გავლის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა ჩვენს ლამაზ ქვეყანაში მოგზაურობენ. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. მიუნხენის რეისიდან ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია. ამ რეისზე ჭარბობდნენ გერმანიის მოქალაქეები, ხოლო პარიზის რეისზე საფრანგეთის.
როგორც იცით, საქართველოს ხუთ ქვეყანასთან ნაცვალგების პრინციპით გახსნილი აქვს საზღვარი და ამ ქვეყნების მოქალაქეებს კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ასევე ამ რეისებით ჩამოვიდნენ საქართველოში, ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით სასრტუმროებში გადაიყვანეს. ამ რეისებით საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც დაბრუნდნენ, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა ან გრძელვადიანი ბინადრობის სტატუსი აქვთ და ეს ადამიანებიც კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ საქართველოში,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.