მარიამ ქვრივიშვილი - რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვების შედეგად, ტურიზმის სექტორი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა
განცხადებები, რომ შესაძლოა, ტურიზმის სექტორს მცირედი ზიანი მიადგეს, არასერიოზულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების კომენტირებისას.
მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვების შედეგად, ტურიზმის სექტორი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
„ადამიანები, რომლებიც გამოდიან, ფსევდოექსპერტიზმს ვეძახით ამას და საუბრობენ, რომ შესაძლებელია, მცირედი ზიანი მიადგეს ტურიზმის სექტორს, ბუნებრივია, ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა. სამწუხარო რეალობაა, რომ აღნიშნული სანქციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე.
2019 წლის ბოლოს გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში შემოვიდოდა 1 მილიონ 700 ათასამდე რუსი ტურისტი. ექვსი თვის მონაცემით, საქართველოში 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე უკვე შემოვიდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს მილიონი ტურისტის საკითხი, რომელიც ეკონომიკურად ითარგმნება, როგორც 2 მილიარდი ლარი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უწყებას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია კერძო სექტორთან.
„ვიყავით აჭარის რეგიონში, ქუთაისში, კახეთში. საქმე გვაქვს დიდი რაოდენობით ჯავშნების გაუქმებასთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, მინიმუმამდე შემცირდეს ზიანი, რომელიც შეიძლება, ჩვენს ეკონომიკას მიადგეს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილებს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.