მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ, ირლანდიის პარლამენტის მსგავსად, საქართველოს პარლამენტშიც იყოს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობისას არ უნდა გამოიყენონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ, ირლანდიის პარლამენტის მსგავსად, საქართველოს პარლამენტშიც იყოს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობისას არ უნდა გამოიყენონ.
დეპუტატის თქმით, „ირლანდიის პარლამენტს ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს – ეთიკის კოდექსი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ პარლამენტის თანამშრომლებიც“.
„ეს გულისხმობს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც არ უნდა გამოიყენონ პარლამენტში მუშაობის დროს. ეს პარლამენტში ამცირებს პოლარიზებას და შინაარსობრივ განხილვას უწყობს ხელს. ჩვენს შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ არის გადაძახილები და ყველაზე მეტად გვესმის – „რუსების“ ძახილი, „რუსული კანონი“. ნებისმიერ პოლიტიკოსს პოლიტიკური ვალდებულება აქვს, რომ მათ ნებისმიერ სიტყვას არგუმენტირებული დასაბუთება ჰქონდეს. როცა შეურაცხმყოფელი გადაძახილები დაუსაბუთებლად გვესმის, კარგი იქნება, თუ, ასეთი სიტყვების ნაცვლად, არგუმენტირებული მსჯელობა იქნება. თუ რუსული კანონია, დასაბუთება იყოს, რატომ არის რუსული. ჩემს პოზიციას არ აქვს ინიციატივის სახე. სულ ცოტა ხნის წინ დელეგაციას ვმასპინძლობდით, ვისაც ვკითხეთ, რა იყო ის ინსტრუმენტები, რაც დეპოლარიზაციისთვის იქნებოდა გამოყენებული, ყველაზე კარგი პრაქტიკა ეს არისო, გვითხრეს. ამას შევისწავლით. ეს საქართველოში რეგულირებადი არ არის და ზღვარია სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფასა და ელემენტარულ ეთიკას შორის. დაუწერელი კანონია, რომ პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ნებისმიერ გადაძახილს არგუმენტები ჰქონდეს, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება არ ხდება. ირლანდიის პარლამენტის მხრიდან გაზიარებული პრაქტიკა იყო, ჯერ ეს ინიციატივა არ არის და უნდა შევისწავლოთ მათი გამოცდილება. ამან იმუშავა ირლანდიის პარლამენტში და კარგი იქნება, ჩვენც გვქონდეს არა დაუწერელი ეთიკის ნორმები, რომელსაც არ ასრულებს ოპოზიცია, არამედ გვქონდეს დაწერილი. გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფუძვლო შეურაცხყოფებს შორის არსებობს ზღვარი. კარგი იქნება, თუ ეს დარეგულირდებოდა“, – განაცხადა ლაშხმა.